დახურვა
სტილი
07.10.2023

ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსები განსაკუთრებით გააქტიურდა და უამრავი ადამიანი მაღალ ტემპერატურას, ყელის ტკივილს, ხველასა და რესპირატორული ინფექციებისათვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს უჩივის. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება, როგორია პაციენტთა მიმართვიანობა, რა ჩივილები აღენიშნებათ პაციენტებს და რომელ სიმპტომებზე უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით:

- შემოდგომის პერიოდში რესპირატორული ინფექციების შემთხვევები იზრდება. გვიანი შემოდგომა კი უფრო მეტად საყურადღებოა იმიტომ, რომ გრიპის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი. გრიპი რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე მეტად საყურადღებო და მძიმე მიმდინარეობის გახლავთ. ზოგადად, ამ ეტაპზე სხვადასხვა რესპირატორული, ე.წ. გაციების გამომწვევი ვირუსული ინფექცია ცირკულირებს. გავრცელებულია რინოვირუსები, მომატებულია კოვიდ-19-ის შემთხვევებიც. ჩემი დაკვირვებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, როგორც აბმულატორიულად, ასევე სტაციონარში მომართვიანობის მატება ფიქსირდება. ძირითადად, ეს ასაკოვან და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს ეხება, მაგრამ ასევე, საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებშიც. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს, რომლებიც ამჟამადაა გავრცელებული, დაახლოებით, მსგავსი სიმპტომები აქვთ. ახასიათებთ ტემპერატურული რეაქცია, შესაძლოა, სუბფებრილური, ანუ დაბალი ტემპერატურა 37,5-მდე, ან კიდევ შესაძლოა, პაციენტებს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდეთ. ასევე, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირის გაჭედვა. არის ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, რომლებიც შეიძლება, გასტროინტესტინური სიმპტომებით მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში. შესაძლოა, აღენიშნებოდეთ, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გულის რევა, ღებინება და ასე შემდეგ. მათი მართვა დაახლოებით მსგავსია. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში მდგომარეობის დროული შეფასება, სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დაცვა და გართულებების პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. დაავადების მიმდინარეობა სწორად უნდა შეფასდეს. თუ ხანგრძლივდება ცხელება, ანუ მაღალი ტემპერატურა 5 დღე და მეტი გრძელდება, ან გამოხატულია ძლიერი სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს და მდგომარეობა შევაფასოთ, ხომ არ არის რაიმე სპეციფიკური მკურნალობა საჭირო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მართვა სიმპტომურია, მოიცავს ტემპერატურის კონტროლს და სითხისა და საკვების ადეკვატურ მიღებას.

- როგორია კორონავირუსის მიმდინარეობა პაციენტებში?

- პირველ რიგში, პირადი დაკვირვების შედეგად ვამბობ, რომ კორონავირუსით მომართვიანობა ბოლო პერიოდის განმავლობაში შედარებით მომატებულია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რაც შეეხება მიმდინარეობას, ამ ეტაპზე ომიკრონის სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს. ომიკრონს ძირითადად ზემო რესპირატორული ტრაქტის დაზიანებით მიმდინარე სიმპტომატიკა ახასიათებს. გამოხატულია, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირში გაჭედვა, სახსრების, კუნთების ტკივილი და 2-3 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. თუმცა, დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა შეიძლება, 5-6 დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ ომიკრონის დროს უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება შემთხვევები, როდესაც ფილტვების ანთება და სუნთქვის უკმარისობაა გამოხატული. აღნიშნული გართულება, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებთან უფრო მეტად ვითარდება. ამიტომ, თუ კორონავირუსის დროს ცხელება გაგიხანგრძლივდათ, ან სუნთქვის გაძნელება აღგენიშნებათ, ბავშვთა ასაკში გამოვლინდა ტუჩ-ცხვირის მიდამოს სილურჯე, ხშირი სუნთქვა, ძილიანობა, ეს ერთ-ერთი მთავარი ნიშნებია, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და პაციენტის მდგომარეობა დროულად შევაფასოთ. დანარჩენ შემთხვევაში, ომიკრონის მართვისას სიმპტომურ მკურნალობას ვიყენებთ. კორონავირუსის დიაგნოსტირება კი ცხვირ ხახის ნაცხის ანტიგენის, ან პისიარ-ტესტის მიხედვით ხდება.

- კორონავირუსის დროს საიზოლაციო პერიოდად ისევ 5 დღეა მიჩნეული? რაიმე ხომ არ შეცლილა?

- ჯერჯერობით, ამ კუთხით, რაიმე ცვლილებები არ არის და არც საჭიროებაა იქიდან გამომდინარე, რომ ომიკრონის ახალ ქვეშტამებს ისეთივე მიმდინარეობა და გადამდებლობა ახასიათებს, როგორც წინა შემთხვევებს.

- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა მიმდინარე სეზონური ინფექციების თავიდან ასარიდებლად?

- როგორც უკვე აღვნიშნე, სხვადასხვა რესპირატორული ინფექცია ცირკულირებს, როგორებიცაა, გაციების გამომწვევი სხვა კორონავირუსები, რინოვირუსები, შეინიშნება კოვიდ-19-ის შემთხვევებიც. როგორც ვიცი, გრიპის დადასტურებული შემთხვევა, ამ ეტაპზე, არ გვაქვს. თუმცა, შედარებით ცივი სეზონი მოდის. შემოდგომის მეორე ნახევრიდან სხვადასხვა რესპირატორული დაავადების გავრცელება გაგრძელდება, მაგრამ ნოემბრიდან და დეკემბრიდან შესაძლოა, გრიპის შემთხვევებიც დაფიქსირდეს, როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე მოზრდილებში. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. თუ სიმპტომები გვაქვს, მოვერიდოთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გადაადგილებას. რესპირატორული დაავადებებისათვის დამახასიათებელი ნიშნების შემთხვევაში, ნუ გავუშვებთ ბავშვებს სკოლასა და ბაღში. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. თუკი აღნიშნულ რეკომენდაციებს დავიცავთ, ხელს შევუწყობთ, რომ შედარებით სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შევინარჩუნოთ.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძეს ვკითხეთ, როგორია ბავშვთა მიმართვიანობა და რა სიმპტომები აღენიშნებათ ძირითადად პატარა პაციენტებს:

- კლინიკის გადაუდებელ განყოფილებას, დღე-ღამის განმავლობაში 35-40 პაციენტი მომართავს. აქედან, ნაწილი ტრავმების შედეგადაა, ნაწილი კი რესპირატორული ინფექციების გამო. პერიოდულად, წლამდე ასაკის ბავშვები ღებინებითა და დიარეით მოგვმართავენ. თუმცა, აღნიშნული სიმპტომებით მომართვიანობა, შემოდგომაზე შედარებით შემცირდა. კორონავირუსის შემთხვევებიც დასტურდება, თუმცა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტები ჰოსპიტალიზაციას ნაკლებად საჭიროებენ. ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ხშირად წლამდე ასაკის ბავშვებში დგება, რომლებსაც ბრონქიოლიტი, ხველა, მაღალი, უმართავი ტემპერატურა აქვთ და მშობელი ბინაზე მკურნალობას, სითხისა და ელექტროლიტების სათანადო დონით უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ამჟამად, რესპირატორული ვირუსების გართულებით რეანიმაციულ განყოფილებაში არც ერთი პაციენტი არ მკურნალობს. რამდენიმე ბავშვი სუნთქვის უკმარისობით წევს, რომლებსაც შემოსვლისას პნევმონია ჰქონდათ დადასტურებული. რაც შეეხება კორონავირუსს, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს. საშუალოდ, 3 დღიდან მაქსიმუმ 5 დღე შეიძლება გამოხატული იყოს ტემპერატურა. შედარებით მოზრდილი ბავშვები ყელის ტკივილს, ცხვირიდან გამონადენს, ხველას, მაღალ ტემპერატურასა და ზოგად სისუსტეს უჩივიან.

 

წყარო: მშობლები

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×