დახურვა
სტილი
13.10.2023

სახელს ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მისი შერჩევა, გარკვეულწილად, მშობელთა მხრიდან ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს, რომ სამომავლოდ ბავშვი სახელის გამო ბულინგის, დამცირებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი არ გახდეს. ამ მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელიც ბავშვისთვის სახელის დარქმევის წესს არეგულირებს და აკრძალვებსაც აწესებს.

დავინტერესდით, საქართველოში თუ არსებობს შეზღუდვა ბავშვისთვის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით და იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ მონაცემები, თუ რა ტიპის სახელს ვერ დაარქმევს მშობელი შვილს და შესაბამისად, არც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაარეგისტრირებს:

„ბავშვის სახელად ციფრების, სასვენი ნიშნების, გეომეტრიული ფიგურების, გრაფიკული გამოსახულებების, სიმბოლოების, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ხასიათის სიტყვების ან მრავალწევრიანი (ორზე მეტი სახელისგან შემდგარი) სახელის განსაზღვრა დაუშვებელია. შესაბამისად, ამგვარი სახელის განსაზღვრის მოთხოვნისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უარს ეტყვის განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე”, – წერია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, თუ როგორ ხდება ბავშვისთვის სახელის განსაზღვრა:

“სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელის, გვარისა და დაბადების ადგილის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების მე-20 მუხლის თანახმად, ბავშვის სახელი იწერება მშობლების ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის სახელის საკითხზე, ბავშვის სახელის ჩაწერის საკითხს წყვეტს სასამართლო. მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სახელი იწერება მშობლის მითითების შესაბამისად”, – აღნიშნულია წერილში.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×