დახურვა
სტილი
27.10.2023

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ცხვირით სუნთქვის პრობლემა, მსოფლიო მოსახლეობის, დაახლოებით, 1/3-ს აქვს. ხშირად პაციენტები თვითმკურნალობასაც მიმართავენ და სახლში რამდენიმე თვის, ან კიდევ წლის განმავლობაში თავად იყენებენ წვეთებს. როდესაც პაციენტი ცხვირის წვეთებს ყოველდღიურად იყენებს, ჩვენი ცხვირი პრეპარატის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება, ვაჩვევთ ორგანიზმს და მის რაოდენობას უფრო და უფრო ვზრდით. სპეციალისტების თქმით, ცხვირის წვეთებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. აქტუალურ პრობლემაზე გადაცემაში "იმედის დილა" ოტორინოლარინგოლოგი, გრიგოლ თოფურია საუბრობს:

- ბევრი პაციენტი, რომლებიც ცხვირით სუნთქვის გაძნელებას უჩივის, ხშირად მარტივ გზას მიმართავს და ცხვირის წვეთებს იყენებს. ცხვირის წვეთები ფართოდ გამოყენებადი და მოპოვებადი საშუალებაა. ის პაციენტს დამოკიდებულს ხდის, წვეთებდამოკიდებულება კი ჯანსაღი ფორმა არ არის. მქონია შემთხვევები, როცა პაციენტები 20-25 წლის განმავლობაში იყვნენ დამოკიდებულნი. ადამიანისთვის, როდესაც ცხვირის წვეთებს ვირუსული ინფექციის დროს მოიხმარს, როგორც ოქრო, ისე ფასობს ცხვირისთვის. თუმცა, მხოლოდ 1 კვირა, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში, მცირე დოზებით უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ეს გამოყენება კვირას, თვეს სცილდება და უკვე წელზე გადადის, ეს უკვე ორგანიზმისათვის შხამი ხდება. ცხვირის წვეთები თავიდან პაციენტს გამოჯანმრთელებაში ეხმარება, შემდგომ უკვე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასაც კი იწვევს. პაციენტები, რომლებიც პრობლემას, რომელსაც ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება ჰქვია, ასე მძაფრად აღიქვამენ, წვეთებით ბარიერის გადალახვას ადვილად ახერხებენ. შესაბამისად, ეს ისეთ დამოკიდებულებას ქმნის, რომ სამსახურში, სახლში, საჭესთან - ყველგან მოიძიებენ ამ საშუალებას. ასეთ დროს სწორი ნაბიჯი სპეციალისტთან ვიზიტია. როდესაც ეს უკვე გახანგრძლივებულ ფორმას იღებს და თვეებსა და წლებზე გადადის, აუცილებელია, ექიმთან მიხვიდეთ. ეს პრობლემა მოგვარებადია. გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება ხდება. თუ ობიექტური საფუძველი არ გვაქვს. არ არის ცხვირის ღრუს მნიშვნელოვანი დაავადებები, პაციენტს პრეპარატს ვუცვლით, გადაგვყავს მსუბუქ ფორმებზე. შემდგომ მათი უმრავლესობა პრობლემასთან გამკლავებას ახერხებს. თუ შედეგი არ გვექნება, ოპერაცია ინიშნება და ნიჟარების ჰიპერტროფიაზე ზემოქმედება ხდება.

ცხვირის წვეთების ხშირი გამოყენება სხვადასხვა პრობლემას ქმნის. მაგალითად, იწვევს სისხლდენას. თუმცა, ის მხოლოდ ლოკალურად ცხვირზე არ მოქმედებს. იწვევს მიმდებარე სისხლძარღვოვანი ქსელის ათეროსკლეროზულ გადაგვარებას, რომელიც თავის ტვინის ინსულტის რისკს ზრდის. სტატისტიკის მიხედვით, წვეთდამოკიდებულ პაციენტებში, გარკვეული პროცენტი ინსულტამდეა მისული.

ის ცხვირის წვეთები, რომლებსაც პაციენტები მიმართავენ და მასზე დამოკიდებულები ხდებიან, სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატებია. თუ ამ პრეპარატებს, მაგალითად, ფიზიოლოგიური ხსნარით ჩავანაცვლებთ, ადამიანს გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. თუმცა, ასეთ დროსაც, ექიმთან კონსულტაციის გავლა რეკომენდებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×