დახურვა
სტილი
10.11.2023

განსაკუთრებით პოპულარული ქართული ჯგუფის, „მგზავრების", ახალი სიმღერის WALTZ-ის კლიპი, რომელიც რეჟისორმა ლადო კვატანიამ მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად გადაიღო, საერთაშორისო პრემია EMEA Awards 2023-ის „წლის საუკეთესო მუსიკალურ ვიდეოზეა" ნომინირებული.

გიგი დედალამაზიშვილი: ეს სასიხარულო ამბავი ეხება ჩვენს ახალ კლიპს ახალი ალბომიდან, სახელწოდებით - „კამარა", სიმღერას კი „ვალსი" ჰქვია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელსაც ძალიან დიდხანს ვიღებდით. თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც კლიპი, მაგრამ ბოლოს მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ფილმივით გამოვიდა. ამაში მთავარი წვლილი ჩვენს რეჟისორს, ლადო კვატანიას მიუძღვის. ლადო ჩვენი მეგობარი და ძალიან კარგი რეჟისორია.

ამ კლიპმა უკვე ბევრი „იმოგზაურა" სხვადასხვა ფესტივალზე და არაერთი პრიზიც აიღო, მაგრამ EMEA Awards ჯერჯერობით ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელზეც ის გავიდა. ეს არის ძალიან პრესტიჟული დაჯილდოება, რომელიც წელიწადში ერთხელ ლონდონში იმართება. ფესტივალი სხვადასხვა ნომინაციებს მოიცავს. ჩვენი ნამუშევარი წარდგენილია ნომინაციაში „წლის საუკეთესო კლიპი". ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი „ვალსი" 12 მუსიკალურ კლიპს შორის შეარჩიეს. ამ ნომინაციაში მართლა ძალიან მაგარი მუსიკოსების გვერდით მოვხვდით, როგორებიც არიან: როლინგ სტოუნსი, დაფტ პანკი, ჯეიმს ბლეიკი, ტრევის სკოტი და სხვები. დაჯილდოება 22 ნოემბერს გაიმართება და მას ჩვენი რეჟისორი, ლადო დაესწრება. მეც მინდოდა ჩასვლა, მაგრამ კონცერტების გამო ვერ ვახერხებ.

- რომ გაიგეთ, ალბათ, წარმოუდგენელი სიხარული იყო.

- ამ კლიპმა გაგვათამამა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე იყო. თავიდან ესეც მორიგ ფესტივალად აღვიქვი და რა თქმა უნდა, ყველა სასიხარულოა, მაგრამ მერე რომ შევედი და ვნახე, რამხელა არტისტებთან ერთად ვიყავით წარდგენილი, როგორი მაღალი დონის და პრესტიჟული ფესტივალი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა. თან, ამ ამბავმა ევროპის ტურნეში მოგვისწრო. ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა, ამ დროს მეძინა და რომ გავიღვიძე, ტელეფონზე ძალიან ბევრი შეტყობინება დამხვდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და მიზეზი რომ გავიგე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა (იცინის). ძალიან ბევრი გულწრფელი მოლოცვა მივიღეთ და ამისთვის ყველას დიდი მადლობა. ამ დაჯილდოებამ მოიტანა ისიც, რომ ჩვენს კლიპს მოემატა ნახვები, რაც ასევე, ყველაზე სასიხარულოა.

- ძალიან ემოციური უნდა ყოფილიყო მუშაობის პროცესი, იმიტომ რომ ნამუშევრის ემოციების გარეშე ყურება რთულია. როგორ გახსენდებათ გადაღებები?

- ამ კლიპზე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. რთული დავალება გვქონდა, რეჟისორს უნდოდა, დოკუმენტური კადრების გადაღება ისეთ სოფლებში, სადაც ჯერჯერობით ცივილიზაცია არ არის შესული. ანუ, არ არის გზები, ინტერნეტი, არ იჭერს ტელეფონი და ასე შემდეგ. ლადომ პროცესი იმითაც გაგვირთულა, რომ ფირზე ისურვა გადაღება. ფირზე გადაღება ძნელია, რადგან პირველ რიგში, დიდ თანხებს უკავშირდება და მეორეც, შეზღუდული ხარ დუბლებში ისევ და ისევ მისი ძვირად ღირებულობიდან გამომდინარე. ვიღებდით ბახმაროს ზემოთ, ზოტიყელში და მიმდებარე სოფლებში. სადაც მართლა შეუდარებელი ადამიანები ცხოვრობენ, გასაოცარი ბუნებაა და თბილისიდან ჩასულს, იქ ქალაქისგან აბსოლუტურად განსხვავებული, კარგი გაგებით, ჯერ კიდევ პირველყოფილი ცხოვრება გხვდება. ადამიანები ბუნებასთან ძალიან ახლოს არიან და ტრადიციებსა და ერთმანეთს განსაკუთრებულად აფასებენ. გაგვიმართლა იმაში, რომ ამ ადამიანებმა მათი გადაღების ნება მოგვცეს. კარგი ვქენით, რომ ეს ყველაფერი დავაფიქსირეთ, რადგან შეიძლება, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, საქართველოში აღარ იყოს სოფლები, სადაც არ არის გზა, არ არის ინტერნეტი, არ იჭერს ტელეფონი და ასე შემდეგ.

ძალიან დაგვეხმარა „დავარაშვილის კლინიკა" და ეს არ არის რეკლამა. ლადოს უნდოდა მშობიარობის გადაღება და ეს იყო ყველაზე რთული დავალება. წარმოიდგინეთ, მიდიხარ ადამიანთან და სთხოვ იმის გადაღებას, თუ როგორ აჩენს შვილს. ყველა უარს გვეუბნებოდა და მხოლოდ „დავარაშვილში" დაგვრთეს ნება, გადაგვეღო ბავშვის დაბადების წამები. ასე რომ, კლიპში რეალური კადრები შევიდა. ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო.

მინდა, დათო დვალიშვილსა და აბსოლუტურად ყველა მსახიობს მადლობა ვუთხრა, რადგან თითოეული მათგანი ჰონორარის გარეშე მუშაობდა. მთელი ჩვენი ბიუჯეტი ტექნიკას მოხმარდა და აბსოლუტურად ყველა უანგაროდ მუშაობდა, იდეისთვის. რომ არა მათი ეს განწყობა, ჩვენ ამ კლიპის გადაღებას ვერ შევძლებდით.

საერთაშორისო აღიარებაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველამ დიდი სიყვარული და პროფესიონალიზმი ჩადო ამ საქმეში.

- რადგან ჯერ კიდევ ტურნეში იმყოფებით, გკითხავთ - სცენაზე ყოველთვის იმდენად ენერგიული ხართ, მგონია, რომ სიმღერის დროს სხვა სამყაროში გადადიხართ და რა არის ამ ენერგიის წყარო?

- სანამ კონცერტი დაიწყება, მე თვითონ არ მჯერა ხოლმე ჩემი თავის. როცა სცენაზე გავდივართ, იქ სულ სხვა სამყაროში ვხვდები და ხალხი იმხელა ენერგიას გაძლევს, რომ იმ მომენტში შეგიძლია, მთები გადადგა. კონცერტებისგან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ, უკვე 17 წელია, ჩვენი ჯგუფი არსებობს და ეს ჩვენი ცხოვრების ელექსირია, ყველაზე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს. შვილები და ოჯახები, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა, მაგრამ ასევე, თანაბარ ადგილას იკავებს ჩვენი საქმეც. მუსიკა და კონცერტები მართლა იმდენ ენერგიას გვაძლევს, მერე, ვიდეოებს რომ ვუყურებთ, საკუთარ თავებს თვითონაც ვერ ვცნობთ ხოლმე (იცინის).

- „გვაჩვენე შენი ხმა"... ამ მომენტისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატელევიზიო პროექტი, რომლის ექსპერტი ხართ და არც მეტი და არც ნაკლები, შერლოკ ჰოლმსის ტიტულიც გაქვთ.

- (იცინის) პირველ რიგში, მომწონს ის, რომ ძალიან სახალისო და გასართობი პროექტია. ჩაწერების დროს მართლა დიდ სიამოვნებას ვიღებ. თან, ძალიან აზარტულია. ამ პროექტს პროფესიონალების გუნდი აკეთებს და მე ამ ადამიანებთან ვმუშაობდი 2011 წელსაც, მაშინ „ჯეოსტარს" ვაკეთებდით ერთად. გამიხარდა, რომ 12 წლის შემდეგ ისევ შევიყარეთ.

პოზიტიური პროექტია, კარგ ხასიათზე რომ დააყენებს მაყურებელს, ვერთობით და შერლოკ ჰოლმსიც მე თვითონ დავირქვი, თორემ, ძირითადად, ვერაფერს ვერ ვიცნობ ხოლმე (იცინის). ბოლო გადაცემებში კიდევ ერთი-ორი გამოვიცანი, თორემ, ისე მართლა ძალიან რთულია ექსპერტობა (იცინის).

- მეუღლეზეც ვიკითხავ. ალბათ, ყველამ იცის, რომ სირთულეებისა თუ წარმატების დროს, ყოველთვის, გვერდით გიდგათ. რა ძალაა მარინა გიგისთვის?

- მარინა ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა. ის რომ არა, არ ვიცი, რა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. მადლობა მას ამ სიყვარულისა და გვერდში დგომისთვის. მე ყოველთვის მაქვს მისი იმედი და მგონია, რომ ანალოგიურად, მასაც ყოველთვის აქვს ჩემი იმედი. ალბათ, ამაზე დგას ჩვენი ოჯახი და ჩვენი კარიერაც. თანადგომა და სიყვარული არის ჩვენთვის ყველაფერი.

- ხშირად გიწევთ ოჯახს მიღმა ყოფნა და ამ დროს, ალბათ, მთელი პასუხისმგებლობები მარინაზე გადადის.

- კი, ასეა. პირიქითაც ხდება - როცა მარინას აქვს ტურნეები და გადაღებები, სახლში ბავშვებთან, ძირითადად, მე ვარ. ამას ვინაწილებთ. უფრო ხშირად, ეს მარინას ტვირთი არის ხოლმე, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ორივემ ვაკეთოთ საქმე, რომელიც გვიყვარს. მარინა ფოტოგრაფია და არ მინდა, ოჯახურმა პირობებმა ხელი შეუშალოს რამეში. ყველანაირად ვცდილობთ, მე ვიმღერო და მან ფოტოები გადაიღოს, ამაში ყველანაირად ვეხმარებით ერთმანეთს.

- წლებმა და შვილებმა რა შეცვალეს ურთიერთობაში?

- მე მგონია, რომ შვილებმა უფრო გაამთლიანა ჩვენი სიყვარული და კიდევ უფრო ღრმა გახადა. ჩვენმა სიყვარულმა ოჯახურ გარემოში ფესვები გაიდგა. ნიკუშასა და ლიზის რომ ვუყურებთ, ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ვხედავთ და მათი დამსახურებით, ჩვენი სიყვარული კიდევ უფრო სათუთია ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, მარინასთვისაც ასეა.

- როგორია გიგი შვილებთან ურთიერთობაში?

- ვცდილობ, მეგობარი ვიყო. ლიზი უკვე დიდია და მასთან უფრო ვმეგობრობ. ნიკუშაც დავიმეგობრე, მაგრამ ის მაინც სულ დედასთანაა (იცინის). მინდა, ვიყო მათი მეგობარი და არა დიდაქტიკური მამა. ვცდილობ, ჩემს მაგალითზე ვანახვო, რა არის სწორი და რა არასწორი. თუმცა, ბევრი რამ მეც არ ვიცი. ადამიანი სულ სწავლის პროცესშია და ვცდილობ, მათთან ერთად მეც ვისწავლო ადამიანობა თუ მამობა. ვცდილობ, ხშირად ვიყო ბავშვებთან და ბევრი დრო დავუთმო მათ.

წყარო: "თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×