დახურვა
სტილი
17.06.2021

ექიმების ნინო ნადირაძისა და გიორგი ღოღობერიძის დაპირისპირებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. წამყვანის, ნინო ნადირაძის კითხვები საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.

ერთგვარი მწვავე დიალოგი გამოიწვია ნადირაძის შეკითხვამ, რამდენად კანონიერია პანდემიის პერიოდში საზოგადოებისთვის რეზიდენტის მხრიდან მიცემული სხვადასხვა სამედიცინო რჩევა. მისი თქმით, შესაძლოა, ეს საზოგადოებისთვის ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს.

ნინო ნადირაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ გიორგი ღოღობერიძის მიმართ არანაირი პროტესტი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველამ თავის კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

„მე პოლემიკაში არ შევსულვარ, უბრალოდ დავსვი შეკითხვა. თავის დროზე, როდესაც „ლანცეტში“ ლიცენზიის საკითხები იხილებოდა, ამის გამო დავუპირისპირდი ყოფილ მფლობელს და წამოვედი კლინიკიდან – არალიცენზირებული სპეციალისტები გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდნენ.

ეს ხალხის უფლებაა მოსწონდეთ, დაუჯერონ, ამ საკითხში ბევრად მეტი სიფრთხილეა საჭირო. მე შეცდომებს არ ვაფიქსირებ, შესაძლოა, ჯერ არაფერში დაუშვია, მაგრამ ასე რომ მოხდეს? ამ დროს პასუხისმგებელი ვინ არის?! როცა არ ხარ ლიცენზირებული სპეციალისტი, არ ხარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, ბევრად მარტივად შეგიძლია საუბარი.

არსებობს სამედიცინო საქმიანობის რეგულაციის კანონი, რომელიც კრძალავს სამედიცინო საქმიანობის წარმოებას, თუ არ გაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. რჩევებს არავის მივცემ ის საკითხში, რომელიც ჩემი ვიწრო სპეციალობა არაა. ყველამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, როცა ბატონი გიორგი აიღებს დიპლომს და როდესაც თავისი დამოუკიდებლად გატარებული პაციენტები ეყოლება, როდესაც ეს პასუხისმგებლობა იქნება მისთვის თვალსაჩინო, მერე უფრო სიფრთხილით მოეკიდება. არანაირი პროტესტი მის მიმართ არ გამაჩნია.

ადამიანი საკუთარ დიპლომს დალოდებოდა და შემდეგ მიეცა რჩევები. ძალიან მარტივია, როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს, შარს ვერავინ მოგდებს, ვერ მოგედავებიან. მინდა მას წარმატება ვუსურვო. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ, როდესაც ასეთ საკითხებს ეხება მეტი სიფრთხილე მართებს. მაშინ ნუ იქნება დიპლომები საჭირო“, – ამბობს ნადირაძე.

იხილეთ სრულიად: პრაიმ ტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×