დახურვა
სტილი
07.03.2023

შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, რომლის მიმართაც ინტერესი ძალიან მაღალია. ჟურნალი "თბილისელები" შეეცადა რამდენიმე საინტერესო ინფორმაციაზე გაემახვილებინა ყურადღება:

„თავის დროზე, უკვე გარდაცვლილი გამსახურდიას ინტერესებს ვიცავდი. შემდეგ ერთ კონკრეტულ საქმეზე წარმოვადგენდი, მეორე პრეზიდენტის, შევარდნაძის ინტერესებს. ორი წელი ვიყავი სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი, მაგრამ მაშინ, როდესაც ის ოპოზიციაში იყო, ახლა სააკაშვილის ადვოკატი ვარ. გახმაურებული საქმეები არასდროს მაკლდა, პირიქით, მაგრამ ეს ნამეტანია. როცა ამხელა საქმეს ჰკიდებ ხელს, ამისთვისაც მზად უნდა იყო. მიმაჩნია, რომ როგორც ექიმს არ აქვს უფლება, უარი უთხრას პაციენტს მკურნალობაზე, ისე ადვოკატს არ აქვს უფლება, არ დაიცვას კლიენტის ინტერესები.

ჩემი პრინციპია, ვიდგე დაჩაგრულის გვერდზე. თუ ვინმეს არ ვუნდივარ, კარგად იყოს. ეგეთი ადამიანი რაც მალე მომშორდება, მით უკეთესია ჩემი ცხოვრებისთვის.

ჩემს სამეგობრო წრეს შეადგენდნენ ხელოვანი ადამიანები და სასულიერო პირები, რომლებსაც ძალიან კარგი განათლება ჰქონდათ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პირველად კანონიერი ქურდი სასამართლო პროცესზე ვნახე, ისიც, როცა მოსამართლე გახლდით. კი, ქუთაისში ყველაზე მეტი ქურდია, ამჟამადაც, თუ არ ვცები, დაახლოებით, 220 ქურდია ქუთაისიდან, მაგრამ ისე არ იყო, რომ ვიღაც გივარდებოდა და გაიძულებდა, ამ ცხოვრებით გეცხოვრა. შენ შენი ცხოვრებით ცხოვრობდი, ისინი – თავიანთით. ქუთაისი ამით იყო უნიკალური, რომ ზედმეტად არავინ არავის აწუხებდა. დღეს, როგორც ადვოკატი, მათ სამყაროში, შეიძლება ითქვას, ყველაზე ავტორიტეტული ადვოკატი გახლავართ, რასაც პროფესიონალიზმი განსაზღვრავს. ახლაც ვიცავ 15-მდე კანონიერ ქურდს.

მეუღლე წარმოშობით სენაკიდანაა. ერთ-ერთი საქმის გამოძიების დროს შევხვდი და მომეწონა. იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, წლების განმავლობაში იურისტად მუშაობდა. ამჟამად სამ უცხოურ სკოლაში გახლავთ იურისტი, პარალელურად, ჩემს კომპანიაში მუშაობს განათლების სამართალზე. არის საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი. გვარად ხოფერიაა და მისი შტო სილამაზით გამოირჩევა. გვყავს სამი შვილი.

ლიკუნა უფროსია. მეორე არის გური, რომელმაც ინგლისში წითელ დიპლომზე დაამთავრა ფინანსები, შემდეგ ამერიკაში მაგისტრატურა გაიარა იმავე მიმართულებით და რამდენიმე თვეა, მუშაობს. პირველი ქართველი საინვესტიციო ბანკირია – ეს ბიზნესის ელიტად ითვლება. საინვესტიციო ბანკი, რომელშიც გური მუშაობს, მსოფლიო სამეულში შედის. მესამე შვილი – მარიამი 20 წლისაა, სტუდენტია და ახლახან დაქორწინდა. მარიამი 16-17 წლიდან, სწავლის პარალელურად, აქტიური იყო ბიზნესში და ასეა დღემდე" - განუცხადა "თბილსელებს" ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×