დახურვა
სტილი
21.12.2023

2024 წელი არაერთი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული, რომლებიც თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

მზე რეტროგრადულ მდგომარეობაში არასოდესაა. თუმცა, 2024 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ის სასწორის ნიშანში იქნება და ენერგიის განსაკუთრებულ დაქვეითებას გამოიწვევს. ეს კი თითოეული ადამიანის გუნებაზე, განწყობაზე, შრომისუნარიანობასა და კომუნიკაციაზე აისახება. აღნიშნულ პერიოდში გადაწყვეტილებების მიღება, შეთანხმებების მიღწევა, სასურველი შედეგის გამოწვევა განსაკუთრებით რთული იქნება. ამიტომ, ჯობს, მნიშვნელოვანი საქმეები წინასწარ მოაგვაროთ, ან 17 ნოემბრის შემდეგ დაგეგმოთ.

ითვლება, რომ რეტროგრადული მოძრაობისას პლანეტები ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებზეც პასუხისმგებელნი არიან, უარყოფითად მოქმედებენ. თუმცა, ასტროლოგები განსაკუთრებით ხშირად პლანეტა მერკურზე საუბრობენ, რადგანაც იგი ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებსა და მატერიალურ კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. ამიტომაც, ასეთ დროს გართულებულია კომუნიკაცია. ზოგიერთი მარტივი საკითხი გადაულახავ დაბრკოლებად გვეჩვენება, გაზრდილია კონფლიქტებისა და დაპირისპირებების რისკები, ფინანსური წარუმატებლობა, არასასურველი ხარჯები, პროექტების ჩავარდნა, სირთულეები სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს სახიფათო პერიოდები წინასწარ გავითვალისწინოთ და მომზადებულები ვიყოთ.

2024 წლის განმავლობაში პლანეტა მერკური 3-ჯერ იქნება რეტროგრადულ მდგომარეობაში. ეს თარიღებია:

2 - 25 აპრილი

5 - 29 აგვისტო

26 ნოემბერი - 15 დეკემბერი

აღნიშნული პლანეტა კომუნიკაციის უნარებზე, საქმიან მოლაპარაკებებზე, სოციალურ ქცევასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც, როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება, განსაკუთრებით ამ მიმართულებით იგრძნობთ შეფერხებასა და უმოტივაციობას. გართულდება კომუნიკაცია, მოიმატებს დაპირისპირებები და წარუმატებლობის შანსი. შესაძლოა, თქვენ შესახებ არასწორი წარმოდგენა გაუჩნდეთ, რაც თქვენს რეპუტაციასა და საქმიან ურთიერთობებს დააზიანებს. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მითითებულ პერიოდებში გადადოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, პროექტები თუ წამოწყებები, რადგანაც წარუმატებლობების შანსი დიდია.

პლანეტა ვენერა ენერგიის დაქვეითებას 2024 წლის 24 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გააგრძელებს. აღნიშნულ პერიოდში, პირადი ურთიერთობები განსაკუთრებით საყურადღებოა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, დიდი შანსია, რომ საბოლოოდ დაშორდეთ პარტნიორს, არსებული ხარვეზები დაინახოთ და ბევრ საკითხზე ვეღარ შეთანხმდეთ.

2024 წლის 7 დეკემბრიდან პლანეტა მარსი რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. აღნიშნულ პერიოდში გაღიზიანების, აგრესიის გამოვლენის რისკები იზრდება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ჯობს, რეტროგრადული მარსის დროს სახლის აშენება, რემონტი არ დაგეგმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი განსაკუთრებით გაჭიანურდება.

2024 წლის 9 ოქტომბრიდან კი პლანეტა იუპიტერი იწყებს რეტროგრადულ მოძრაობას. ეს გარკვეულ ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევს და შესაძლოა, არამიზნობრივი ხარჯების შეგხვდეთ.

2024 წლის 29 ივნისიდან 15 ნოემბრამდე პლანეტა სატურნი რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. რეტროგრადული სატურნი კი ზოგიერთ მიზანს, გეგმასა და პროექტს დააყოვნებს და შესაძლოა, ის შედეგი ვეღარ მიიღოთ, რაც გსურდათ.

2024 წელს 2 დაბნელების დერეფანი გველის. დაბნელების დერეფანი შემდეგ თარიღებში იქნება:

25 მარტი - 8 აპრილი

18 სექტემბერი - 2 ოქტომბერი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, მას დამანგრეველი ენერგია აქვს და ძალიან ბევრ არასასიამოვნო ცვლილებას იწვევს. ამიტომ, ჯობს, აღნიშნულ თარიღებში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ.

წყარო: „ბომონდი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×