დახურვა
სტილი
10.11.2023

როდემდე გაგრძელდება უჩვეულოდ თბილი ამინდი და როგორი ზამთარი გველის? ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს:

„დარჩენილი ნოემბერიც საკმაოდ თბილი გვექნება, განსაკუთრებით, მეორე დეკადა. მრავალწლიან მონაცემებს თუ შევადარებთ, წლევანდელი ნოემბერი 2 გრადუსით თბილი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ერთეულ დღეებში ან არ იწვიმებს, ან ტემპერატურა არ დაიწევს.რაც შეეხება ნალექს, თუ ნორმებს შევადარებთ, ყოველთვის დასავლეთი საქართველო უფრო მეტად წვიმიანია, ვიდრე აღმოსავლეთი. თუმცა ჩვენი პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ნორმაზე ნაკლები ნალექი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი - ნოემბერი ნორმაზე ცოტა მეტად წვიმიანი. ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 26-27 გრადუსს მიაღწიოს, უფრო ნოემბრის პირველ ნახევარში. 20 რიცხვის შემდეგ უფრო აცივდება. ბუნებრივიცაა, ზამთარს მივუახლოვდებით. 

ცალკეულ დღეებში ღამით შიდა ქართლში, გორი, აგარა, მუხრანისკენ, შესაძლებელია ტემპერატურამ -3, -4 გრადუსამდეც დაიწიოს ცალკეულ დღეებში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში მინუს-ტემპერატურა არ იქნება. მთიან და მაღალმთიან საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მთებში, ტემპერატურის მინუსამდე დაწევა უფრო მეტად არის მოსალოდნელი.

არის მოლოდინი, რომ ზამთარიც ჩვეულზე თბილი იქნება... სეზონური პროგნოზი ოკეანის წყლის ზედაპირის ტემპერატურაზეა დამოდებული, განსაკუთრებით წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესზე - ელ-ნინიოზე. ელ-ნინიო ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა, რომელიც მაისის თვეში გამოჩნდა, დაიწყო განვითარება და აგვისტოდან აქტიურ ფაზაში შევიდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ელ-ნინიოს ზემოქმედება დედამიწაზე მაისამდე აქტიური იქნება. 

თუმცა ამინდის პროგნოზი მხოლოდ ელ ნინიოზე არ არის დამოკიდებული. ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება ხელი შეუშალოს და ელ-ნინიომ დიდი ზეგავლენა ვეღარ მოახდინოს მომდევნო პერიოდზე. მართალია, ელ-ნინიო მაისის ჩათვლით იქნება აქტიური, თუმცა ახლა არ შეიძლება დაბეჯითებით თქმა, რომ ამ პერიოდში სულ ნორმაზე მაღალი ტემპერატურა გვექნება - ელ-ნინიომ განვითარება 2023 წლის მაისში დაიწყო, მაგრამ ივნისის თვე გრილი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ელ-ნინიო უკვე აქტიური იყო ამ პერიოდისთვის, ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონია და ელ-ნინიომ ტემპერატურაზე ისეთი ზეგავლენა ვეღარ მოახდინა. 

მოკლედ, ზამთარიც, სავარაუდოდ, თბილი იქნება, თუ ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ იქონია ტემპერატურაზე", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ხათუნა ქოქოსაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×