დახურვა
სტილი
14.06.2022

რა უარყოფითი ზეგავლენა აქვს თანამედროვე ცხოვრების წესს ჩვენზე და ბავშვების ხერხემალზე, როგორ ავირიდოთ თავიდან კუზის განვითარება გაჯეტების გამოყენების დროს და რა კავშირი აქვს სამოსსა და წელის ტკივილს ერთმანეთთან - აქტუალურ თემაზე ქირურგი, ტკივილის მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი შალვა გაბადაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:

- ხშირად გვინახავს, ოღონდ ბავშვი გაჩერდეს და მშობლები გაჯეტს მიაწოდებენ ხოლმე. ბავშვი ტექნიკის ამ საოცრებას მალე ეჩვევა და რამდენიმე ხნის შემდეგ ელექტრონული მოწყობილობისადმი მიჯაჭვულობა უჩნდება. ამას კი ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც მის ფსიქიკაზე, ასევე, ხერხემლის მდგომარეობაზე.

ელექტრონული მოწყობილობა ბავშვს სტატიკურ, თავის მოხრილ მდგომარეობაში უჭირავს. ამ დროს უზარმაზარი დატვირთვა კისრის ბოლო და გულმკერდის პირველ მალთაშორის სახსარზეა. თავდაპირველად პათოლოგია არ გამოიხატება, ხოლო შემდგომ წლებში მალთაშორის სახსარზე ართრიტი, ართროზი ვითარდება და ყალიბდება კიფოზი ანუ, ე.წ. კუზი. ვიდრე ხერხემლის ფორმა შეიცვლება და ეს ცვლილება თვალით ხილული გახდება, იქამდე ბავშვს გარკვეული ჩივილები შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ტკივილი კისრის მიდამოში. მაგრამ, გაჯეტში წარმოდგენილი ინფორმაცია მისთვის იმდენად საინტერესოა, რომ ამ ჩივილის მიჩქმალვა ხდება. ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს პრობლემა არ აქვს. თუმცა, მთავარია, ვიცოდეთ, რომ აკრძალვით საქმე არ გაკეთდება. სხვა მეთოდები უნდა ვეძებოთ. ეს შეიძლება გაჯეტის გამოყენების ლიმიტიზაცია იყოს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პედიატრთა საზოგადოებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც მოცემულია ის დრო, რომელ ასაკობრივ ასპექტში, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოს ბავშვმა ელექტრონული მოწყობილობა. კონკრეტულად, 0-დან 2 წლის ასაკში ბავშვი საერთოდ არ უნდა იყოს ელექტრონული დასხივების ქვეშ. 3-დან 6 წლის ასაკში შესაძლებელია გამოიყენოს მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში. 18 წლის ასაკშიც კი გაჯეტის გამოყენება 1-1,5 საათზე მეტი დროით დაუშვებელია, რაც, სამწუხაროდ, არ სრულდება და პირიქით, რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებენ ხოლმე.

შალვა გაბადაძე ასევე ისაუბრა, რა იწვევს ხერხემლის გამრუდებას:

- ხერხემალს თავისი გამამაგრებელი კუნთოვანი კორსეტი გააჩნია. ამ კორსეტის დაზიანება ხერხემლის გამრუდებას იწვევს. მალთაშორისი დისკოების დაზიანების შემდეგ, მალთაშორის ფესვზე ერთგვარი ზეწოლა ხდება და ამ მხარეზე ხერხემლის კუნთის სპაზმი გვხდება. ნიუტონის კანონი ირღევევა, რომლის მიხედვითაც, მალაზე მოდებული ძალა მარჯვნივ, მარცხნივ მოდებულ ძალას არ უდრის. ამიტომ, ხერხემლის გამრუდება ხდება. მკურნალობის პროცესში ამ პრინციპის ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ხერხემლის გამრუდების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, მოიხსნას სპაზმი იქ, სადაც კუნთი ამ მდგომარეობაშია და პირიქითაც, მოდუნებული კუნთი გამაგრდეს, რათა ორივე მხარეს ძალები გათანაბრდეს. კომპლექსური მკურნალობის ჩატარებაა საჭირო. ეს სხვადასხვა სამკურნალო მეთოდით მიიღწევა. რაც შეეხება მკურნალობით მიღწეული შედეგების ფიქსირებას, ამ დროს კორსეტის გამოყენება აუცილებელია. ამისთვის ხერხემლის საფიქსაციო კორსეტები არსებობს.

მისივე განმარტებით, წელის ტკივილსა და სამოსს შორის მნიშვნელოვანი კავშირია:

- სამოსს ხერხემლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ბავშვებს, ქალბატონებს ძალიან უხდებათ ჯინსები, მოხდენილად გამოიყურებიან. მაგრამ, განსაკუთრებით ბავშვებში, ძალიან მჭიდრო ჯინსების გამოყენება მენჯის ძვლების შევიწროებას იწვევს, რამაც შემდგომში შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე, მშობიარობაზე. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელს. ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამოყენება არ შეიძლება იმიტომ, რომ მაღალი ქუსლი კანჭის ტყუპი კუნთის სპაზმსა იწვევს, რაც შემდგომში თეძოს, ხერხემალს გადაეცემა და გარკვეული ტკივილის გამოწვევა შეუძლია. არც დაბალქუსლიანი, უძირო ფეხსაცმლის გამოყენება შეიძლება. ეს ღლის ტერფს, გადატვირთავს ხერხემალს და ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ სქოლიოზი გაძლიერდეს. ფეხსაცმელში აუცილებლად უნდა ჩავდოთ ანატომიური ღაბაში. ქუსლის იდეალური სიმაღლე 5 სანტიმეტრია. ეს კი დაიცავს იმ პირობას, რომ ფეხსაცმელმა ჩვენი კუნთები არ გადატვირთოს და არ დაგვაზიანოს.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×