დახურვა
სტილი
29.06.2022

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" ასახელებს იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც შეიძლება ოფლიანობის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ასევე, საუბრობს იმ პროდუქტებზეც, რომლებიც, პირიქით, ორგანიზმს გაგრილებაში ეხმარება:

- სიმსუქნე, ჭარბი წონა უფრო მეტ რისკს ქმნის იმისა, რომ ოფლიანობა ადამიანისთვის შემაწუხებელი გახდეს. მაგრამ, კვლევებმა დაადასტურა, რომ არა მხოლოდ ჭარბი წონა და სიმსუქნე არის რისკი მომატებული ოფლიანობისა, არამედ საკვებ რაციონში დიდი რაოდენობით ცხიმის მოხმარებაც. შესაძლოა ნორმალური წონა გვქონდეს, მაგრამ ჩვენი ოფლიანობის საიდუმლო ჭარბ ცხიმში იყოს, რომელსაც საკვებით მოვიხმართ. ამას

თავისი მექანიზმი აქვს. ერთ-ერთი მექანიზმიარის ის, რომ ცხიმის სითბური ეფექტი ძალიან მაღალია. შაქარი, რომელსაც ყველა ლანძღავს - 1 გრამი ნახშირწყალი, დაახლოებით 4 კკალ ენერგიას, ხოლო 1 გრამი ცხიმი 9 კკალ ენერგიას გვაძლევს. გარდა ამისა, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ ალკოჰოლი კალორიული არ არის, შესადარებლად გეტყვით, რომ 1 გრამი ცხიმი 9 კკალ ენერგიას გვაძლევს, ხოლო 1 გრამი ალკოჰოლი კი 7 კკალ ენერგიას. ანუ, გაცილებით მეტია, ვიდრე შაქარი და დაახლოებით იმდენია, რამდენიც ცხიმი. ამავე დროს, უნდა ვთქვათ, რომ თავად ალკოჰოლი შეიძლება ოფლიანობის ხელშემწყობი გახდეს. ისევე, როგორც ენერგეტიკული სასმელი, ყავა და ამისთვის არ არის საჭირო, ყავა მაინცდამაინც ცხელი იყოს. ყავა შეიძლება გაგრილებული იყოს, მაგრამ მაინც გამოიწვიოს ოფლიანობა იმიტომ, რომ თავისი მატონიზირებელი ეფექტის გამო პროცესების მთელი კასკადი ვითარდება. აღმოჩნდა, რომ თუ პროდუქტში ბევრი შაქარია და შევთანხმდით, რომ შაქარი ადვილად შეთვისებადი ნახშირწყალია, ასეთ შემთხვევაში ოფლიანობა შეიძლება ტკბილეულის დიდ სიყვარულს უკავშირდებოდეს. საკვებ პროდუქტში რაც უფრო მეტი შაქარია, მით უფრო მეტ ინსულინს გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი, რამაც შეიძლება სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის დაქვეითება გამოიწვიოს. ვითარდება პარადოქსული ვითარება, როდესაც ჭარბი შაქრის მოხმარება სისხლში შაქრის ნაკლებობას და შემდგომში ოფლიანობას იწვევს. ასევე, ოფლიანობის მაპროვოცირებელ საკვებთა რიცხვში უნდა განვიხილოთ სხვადასხვა სახის სუნელი და გამორჩეულად წიწაკა. როდესაც ორგანიზმის გათბობა გვინდა, ძლიერ ალკოჰოლურ სასმელსა და წიწაკას ვიყენებთ და ეს ოფლიანობას ხელს უწყობს. საგანგებოდ უნდა გამოვყო რამდენიმე პროდუქტი. მაგაითად, მარილი - იგი თავისთავად ოფლიანობას არ იწვევს, მაგრამ თუ ჩვენ ჭარბმარილიან საკვებს მივიღებთ, ეს ორგანიზმში, უჯრედებს შორის წყალს შეაკავებს, რაც ჩვენივე ორგანიზმისთვის კარგი არ არის. კიდევ ორი პროდუქტი, ნიორი და ხახვი უნდა წარმოგიდგინოთ. აღმოჩნდა, რომ ბრალდებული პროუქტების მთელი ნუსხაა, რომელთაც არა ჭარბოფლიანობა, არამედ ოფლის სუნის ცვლილება შეუძლია. თუ თქვენ გამორჩეულად გიყვართ ხახვი და ნიორი, თუ გაქვთ ჩვევა, რომ ნედლი სახით მიაყოლოთ საკვებს დიდი რაოდენობით ან მზად ხართ, უბრალოდ პურთან ერთად მიირთვათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენი სხეულის სუნზე აისახება. ადამიანს ექმნება განცდა, რომ თითქოს მთელ ტანზე აქვს ხახვი ან ნიორი წასმული და ასეთი სუნი აქვს.

მარი მალაზონიამ ასევე ისაუბრა იმ პროდუქტების შესახებ, რომლებსაც ოფლიანობის შემცირება შეუძლიათ:

- თუ ცოტა წყალს ვსვამთ, სხვადასხვა ნივთიერებას გამოვყოფთ და შეიძლება, უფრო უსიამოვნო სუნი იყოს ჩვენს კანზე და ორგანიზმი გახდეს იძულებული, რომ გაგრილებისთვის ოფლის სახით მეტი წყალი გასცეს. როდესაც ადექვატური რაოდენობით ვიღებთ წყალს, მაგალითად, თუ ტემპერატურა იმატებს, ფიზიკურად ვართ დატვირთული, ცხელ შხაპს ვიღებთ, წყალზე მოთხოვნილებას ვზრდით, თუ ამ კანონზომიერებას ვიცავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმს წყალი გაგრილებაში ეხმარება. მეორე უხვწყლიანი პროდუქტებია. გაგრილებისათვის საზამთრო შესაძლოა კარგი საშუალება აღმოჩნდეს. მაგრამ, როგორც კვლევებით ირკვევა ანალოგიურად, შეიძლება გამაგრილებელი ეფექტი ჰქონდეს ფორთოხალს, ვაშლს, ატამს, ყურძენსა და ისეთ კენკროვანს, როგორიც მარწყვია. როდესაც ბოსტნეულზე ვსაუბრობთ, საგანგებოდ მინდა გამოვყო კიტრი, მაგრამ, ასევე უხვწყლიან ბოსტნეულთა შორის განიხილება ბადრიჯანი. ასევე, სხვადასხვა სახის სალათის ფოთოლი და ისპანახი. პროდუქტები, რომლებსაც ახლა დავასახელებ, არ არის უხვწყლიანი, მაგრამ ოფლიანობასთან დაკავშირებით პირდაპირ კავშირშია. მაგალითად, ბანანი. ბანანი თავისი შემადგენლობით გავლნას ახდენს ოფლის წარმოქმნის პროცესზე. ასევე, სხვადასხვა სახის თხილეული - ყველა ის პროდუქტი, რომლებიც ბევრ მაგნიუმს, კალციუმს და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, აღმოჩნდა, რომ წყლის გამოყოფას აჩერებს. ცალკე უნდა განვიხილოთ მწვანე ჩაი, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგად გააგრილოს ჩვენი ორგანიზმი. გარდა ამისა, რძესა და რძისგან დამზადებულ პროდუქტებსაც იყენებენ გამაგრილებლად, მაგალითად, გაგრილებული მაწონი. სწორად შერჩეულ მცენარეულ ზეთს, მაგალითად, ზეითუნის ზეთს შეუძლია ჩვენი ორგანიზმი გადახურებისგან დაიცვას. ისევე, როგორც უხეშ მცენარეულ ბოჭკოს, ახალ ნაზარდებს, რომლებიც ახლა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×