დახურვა
სტილი
06.07.2022

38 წლის მსახიობსა და ტელეწამყვანს, ლელა მებურიშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.

რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ბრიტანეთში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას. ამჟამად ლელა ოჯახთან ერთად ლონდონში იმყოფება და მომავალი გეგმების შესახებ „ფორტუნის“ პირდაპირ ეთერში საუბრობს:

„ლონდონში ჩემი მეუღლის გამო წავედით, თუმცა პანდემიის დროს მეც მქონდა რამდენიმე შემოთავაზება. ამიტომ სულ მინდოდა სხვა ქვეყანაში წასვლა. ჩემს პროფესიაში, მგონი, ეს ყველას უნდა. ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ჩემს მეუღლეს ახალი სამსახური შესთავაზეს. ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით წამოსვლაზე.

რომ ჩამოვედით, არავის ვიცნობდი და ბედნიერი ვარ, რომ ძალიან მალე გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და ახლა უკვე ჩემი ახლო მეგობრები არიან. ჩემი მეუღლე საქართველოს საელჩოში მუშაობს. ამიტომ სამეფო დღესასწაულებზე მოხვედრაც ასე მოვახერხეთ, მოსაწვევები მივიღეთ მთელი ოჯახისთვის.

ისე მარტივად არ არის ყველაფერი, როგორც ჩანს. ყველაზე დიდი სირთულე არის ოჯახთან და მეგობრებთან დაშორება. ერთი მხრივ, ინტერნეტმა გაგვიმარტივა ეს პროცესი, მაგრამ პირველი თვე განსაკუთრებით რთული იყო. ამას გარდა, ძალიან დიდი ხანია აქტიურად ვარ ჩართული სამსახიობო კარიერაში, 16 წლიდან მქონდა სპექტაკლები და გადაღებები. პანდემიის დროს 3 ახალი პრემიერა დავდგით მარჯანიშვილის თეატრში და იმ მომენტში, როდესაც აღმავლობის გზაზე ვიყავი, ყველაფრის დატოვება და ბრიტანეთში წამოსვლა ძალიან გამიჭირდა. აქ, პირველ რიგში, სააგენტოს დავუკავშირდი. აგენტი მჭირდება, რომ ქასთინგებზე სიარული შევძლო.

რამდენიმე სააგენტოს დავუკავშირდი და პირველივე დღეს მივიღე პასუხები. საინტერესო შემოთავაზებები მქონდა და ძალიან გახარებული ვარ, თავდაჯერებულობა მომემატა. ერთ-ერთ სააგენტოსთან უკვე გავაფორმე ხელშეკრულება და ახლა უკვე მათზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ჩემი კარიერა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×