დახურვა
სტილი
19.07.2022

ხათუნა ფეიქრიშვილი დიზაინერია, რომელიც თავადვე კერავს სამოსს და 20 წელზე მეტია, ამ მიმართულებით მუშაობს. გამორჩეულ სამოსს, საღამოსა და საქორწილო კაბებს ქმნის და წლების განმავლობაში მომხმარებელს არაერთი დასამახსოვრებელი დიზაინი შესთავაზა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მის მიერ შეკერილი საბანკეტო კაბა გახდა განსაკუთრებით პოპულარული, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები ქართველი გოგონასთვის შეიქმნა, ინსპირაცია კი გოგონას საყვარელი წიგნი „გოგონა დრაკონის ტატუთი" გახდა.

„ეს გოგონა პირველად ჩემთან რომ მოვიდა, დაახლოებით, 10-11 წლის იყო. ტანმოვარჯიშე დები იყვნენ და აფხაზეთიდან მათი დედა დამიკავშირდა. მაშინ, ტანვარჯიშისთვის შევუკერე ფორმები. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა. წლები ისე სწრაფად გავიდა, რომ ახლა უკვე გაზრდილი გოგონა მესტუმრა. იმდენად საინტერესო იდეით მოვიდა, რომ ამ კაბაზე მუშაობა ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო. მისი საყვარელი წიგნის პერსონაჟი უნდა გაგვეცოცხლებინა. უნდოდა, რომ უკან, მთელ სიგრძეზე დრაკონი დაგვექარგა, კაბა კი მოცულობითი უნდა ყოფილიყო. დანარჩენი მე მომანდო. არ უნდოდა, რომ სტანდარტული საბანკეტო კაბა სცმოდა. თმის სამაგრიც კი ხელით შევუქმენი, დრაკონის ფრთები გავაკეთე და ესეც საინტერესო დეტალი გამოდგა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი ბედნიერი სახე არასოდეს დამავიწყდება“ - ამბობს ხათუნა ფეიქრიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×