დახურვა
სტილი
06.07.2021

დღესდღეობით უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქალაქს და საცხოვრებლად სოფელში, ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მიდის. ქალაქიდან წასულების უმეტესობა კი ახალგაზრდები არიან, იდეებითა და შემართებით დატვირთული ხალხი. როგორც ჩანს, სულ მალე საქართველო ძველებურად მკვიდრი მოსახლეობით სავსე სოფლებს დაიბრუნებს. სოციალურ ქსელში შემთხვევით ერთ-ერთ ასეთ წყვილს წავაწყდი. 4 შვილის დედა, ქეთი დვალი მეუღლესთან და შვილებთან ერთად წინაპრების დანატოვარ მიწას დაუბრუნდა. ქალაქური ქაოსი დატოვა და ქსოვრეთში გადავიდა საცხოვრებლად. ქეთიმ ოჯახის დახმარებით სახლი შეაკეთა, ბაღიც გააშენა და იდეა შემოსავლის წყაროდ აქცია. ეს ენთუზიაზმით სავსე გოგო თავის ახალ და საინტერესო ცხოვრებაზე ჩვენც გვესაუბრა:

- მე ვარ ქეთი, დამწყები ფერმერი და მომავალი მეღვინე. ამჟამად ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრარული მიმართულებებისა და ბიოინჟინერიის ფაკულტეტზე, ენოლოგია-მევენახეობის განხრით.  ქსოვრისში მესამე წელია, გადმოვედით, თუმცა ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრი ბევრად ადრე დავიწყეთ. წლების მანძილზე მწიფდებოდა ჩვენს ოჯახში იდეა, რომ მიგვეხედა წინაპრების დანატოვარი, დანგრევის პირას მისული სახლისთვის; აგვეთვისებინა მიწები, მოგვეყვანა ჯანსაღი პროდუქტი ბავშვებისთვის. მაგრამ ჯანსაღ საკვებთან და სუფთა ჰაერთან ერთად, აუცილებლად გვჭირდებოდა შემოსავლის წყარო. სწორედ ამიტომ, მონაწილეობა მივიღეთ სახელმწიფო პროექტში "დანერგე მომავალი", სადაც მოვიპოვეთ 100%-იანი გრანტი, გავაშენეთ ჟოლოს ბაღი და მალევე გადმოვბარგდით სოფელში.

 სოფელში გადმოსვლამდე ბევრს ვფიქრობდით, მოგვეწონებოდა თუ არა ახალი ცხოვრების სტილი ან ავუღებდით თუ არა ალღოს სოფლის მეურნეობას, თუმცა ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის იდეა გვაძლიერებდა. მოგვიანებით კი აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ ეს გარემო გვიქმნიდა სიმშვიდეს. საკუთარ თავში აღმოვაჩინეთ უამრავი ნიჭი და პოტენციალი, რისი გამოვლენის საშუალებაც თბილისში ცხოვრებისას არ გვქონდა. აქ გატარებული ყოველი დღე არის ჩვენთვის ახალი აღმოჩენების, გამოწვევების და გამოცდილების მიღების პროცესი.

ჩვენი საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია. ვუვლით ბავშვებს, ვამუშავებთ მიწას და მოგვყავს თითქმის ყველა სახის ხილი და ბოსტნეული, ვალამაზებთ ეზოს, ჩვენი ხელით ვარემონტებთ სახლს, ვაახლებთ ძველ ავეჯს. ასევე, გვყავს შინაური ცხოველები და ფრინველები.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გვაქვს გვერდი სახელად - "ჩვენთან", სადაც აქტიურად ვაზიარებთ ჩვენს ყოველღიურობას. გვსურს გავხდეთ სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან უნდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია სოფელში გადასვლა. ასევე, დავიწყეთ სტუმრების მიღება უქმე დღეებში, ვმასპინძლობთ ოჯახებს ბავშვებთან ერთად, ვაძლევთ განტვირთვისა და ლამაზ გარემოში დასვენების საშუალებას.

ჩემს მეუღლეს მიწასთან შეხება ბავშვობიდან ჰქონდა, თავის ბებოს ეხმარებოდა ხოლმე ზაფხულობით. ფუტკრის ოჯახებიც 15 წლის წინ მოაშენა, უბრალოდ, თბილისიდან სოფელში სიარულს მათ მოსავლელად ვერ ახერხებდა. რაც შემეხება მე, სოფელში გადმოსვლამდე, არანაირი შეხება არ მქონია მიწასთან, თუმცა ყველაფერი მალევე ავითვისე და აქტიურად ჩავერთე სოფლის მეურნეობაში.

 ჩვენი მომავალი გეგმები ასეთია: გადავაკეთოთ ჩვენი სახლი საოჯახო სასტუმროდ და ვუმასპინძლოთ მხოლოდ ბავშვიან ოჯახებს ანუ პრიორიტეტი, ჩვენთან სტუმრობის შემთხვევაში, იქნებიან პატარები. ყველაფერი მორგებული და ადაპტირებული იქნება მათზე, დაწყებული გარემო პირობებიდან, დამთავრებული - აქტივობებით. გვინდა, ქალაქში მცხოვრებ პატარებს, სუფთა ჰაერთან და ჯანსაღ საკვებთან ერთად, შევთავაზოთ უბრალო, მშვიდი და სასიამოვნო გარემო. ჩვენს შვილებთან ერთად მათაც შევაყვაროთ ბუნება, ცხოველებთან და მცენარეებთან ურთიერთობა. რაც დრო გადის, სულ უფრო მიჯაჭვულები ხდებიან ჩვენი პატარები ვირტუალურ სამყაროსთან, ისინი უარს ამბობენ წიგნებთან ურთიერთობაზე, რასაც ძალიან განვიცდით თანამედროვე მშობლები. ამ კუთხით, შემეცნებითი საღამოების მოწყობას ვგეგმავთ, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა თემატიკით, იმისთვის რომ პატარებს წიგნის მიმართ ინტერესი გავუღვივოთ და მასთან დაახლოებაში შევუწყოთ ხელი.

ამის გარდა, ვაპირებთ, აღვადგინოთ ძველი მარანი და გავაგრძელოთ 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია - ქართული მეღვინეობა.

იხილეთ სრულიად: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×