დახურვა
სტილი
25.08.2022

​ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში მშობლებს ის წესები გააცნო, რომელიც საბავშვო ბაღში მიყვანისას ბავშვს ბაღთან ადაპტაციაში დაეხმარება.

„როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღში მიგვყავს, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ინფორმაცია, რა მოცემულობაა ეს ბაღი. უკეთესია, თუ ბავშვს მანამდე ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს სივრცე და გარემო, გაიცნოს პედაგოგი. მნიშვნელოვანია ასევე წინა შვილის გამოცდილება, თუ გვყავს. სხვა შემთხვევაში მშობელმა უთხრას, თვითონ რისი ეშინოდა, მერე იქ რა დახვდა, როგორ იქცევიან ბავშვები, რომ ყველა ერთნაირი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელსაც ბავშვს ვუზიარებთ, ახლოს იყოს იმ რეალობასთან, რომლის მას ბაღში ხვდება. რასაც ბავშვს ვეუბნებით. ის უნდა შევუსრულოთ. მაგალითად, ვეუბნებით, რომ ახლა უნდა წავიდე, ამ აქტივობების შემდგომ მე შენთან დავბრუნდები. „მალე მოვალ, ორ საათში მოვალ,“-  ბავშვს ეს არ ესმის. აქტივობებს ვეუბნებით: „დილას რომ იქნება საუზმე, ზღაპარს რომ წაიკითხავთ, ეზოში რომ ჩახვალ და მერე კიდევ სადილი რომ გექნება, ამ სადილის მერე მოვალ.“ ასე უფრო აღქმადია ბავშვისთვის, როდის მოვა მშობელი. ადაპტაციისთვის პირველ ეტაპზე ბავშვი ბაღში რჩება 1 საათი, 2 საათი და მერე ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს დრო. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე მშობელი შეჰყვეს ჯგუფში ბავშვს, რათა შეიქმნას განცდა, რომ ეს არის ის უსაფრთხო გარემო, სადაც მშობელიც არის ჩემთან ერთად. შეცდომაა მუქარა, რომ ახლა ამას თუ არ გააკეთებ, წაგიყვან ბაღში, ახლა დავურეკავ შენს მასწავლებელს და ვეტყვი, როგორ იქცევი. აქ უკვე ავტომატურად შემოდის, რომ ბაღი არის სადამსჯელო გარემო. სეპარაცია ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის. როდესაც ტირის და ხანგრძლივად ტირის, ხშირ შემთხვევაში არის დამოკიდებულება „იტირებს და გაუვლის.“ ძალიან ვცდილობთ, რომ ბავშვი არ დავტოვოთ ატირებული,“- ამბობს ნინო ბუაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×