დახურვა
სტილი
12.10.2022

ფოტოგრაფი მარი ნაკანი ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს და მისი უკანასკნელი გადაღების შესახებ ჰყვება:

„დღეს 5 წელი გავიდა, რაც ლიკა ქავჟარაძე აღარ ჰყავს საქართველოს. გთავაზობთ მოგონებებს ამ გადაღებიდან. როდესაც ეკამ (ხოფერიამ) მითხრა, რომ ლიკა ქავჟარაძე უნდა გადამეღო, შიშმა ამიტანა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის.

როგორც იტალიელებს ჰყავთ მონიკა, ფრანგებს – კატრინ დენევი და გერმანელებს რომი შნაიდერი, ისეა ქართველებისთვის ლიკა ქავჟარაძე. იგი ქართული სილამაზის შეუდარებელი ეტალონი იყო, არის და იქნება. ამას მკვეთრად ვაცნობიერებდი და მორალურად ვემზადებოდი.

როცა მოვიდა, მოწყენილი იყო, ხმას საერთოდ არ იღებდა.

მე კი მინდოდა, თავი დედოფლად ეგრძნო, ეგრძნო, როგორ უყვარს მთელ ქვეყანას, ეგრძნო, რომ ვარდია ხელუხლებელი, ეგრძნო, რომ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მოწიწებით ვექცეოდი, ფრთხილად ვუღებდი, ვეჩურჩულებოდი თითქმის. ეს მისდამი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მალაპარაკებდა ჩუმად. ყველამ იცის, როგორი ვარ გადასაღებ მოედანზე. ერთხელ ვინც დასწრებია ჩემს გადაღებებს, იცის, რა მკაცრიც ვარ, როგორ ამყავს კონტროლზე მოდელები, როგორ მეცვლება ხმის ტემბრი და ვხდები ცივი და საშიში. მაგრამ აქ ვერ გავბედე, დავპატარავდი, ხმა გამიქრა და ჩუმად ვიღებდი. ჩემ წინაშე ქალღმერთი იდგა, ეს ლიკა იყო ქავჟარაძე – აი, ის გოგო, ვირზე რომ შემოსვა საზოგადოებამ, ტალახს რომ ასხამდა წვიმაში და მაინც უღმერთოდ ლამაზი რომ იყო. ეს ის ლიკა იყო, გვირილებში რომ დარბოდა კახი კავსაძესთან ერთად, პეპლების საჭერით, დაუვიწყარი ღიმილით რომ იღიმოდა ეკრანებიდან, ეს ის ლიკაა მდინარეში კაბით და ნაწნავით რომ დგას და აუტანლად ლამაზი სხეულით რომ ცეკვავს, ეს ის ლიკაა – მარიტა! მეუბნებოდა ჩემი ტვინი, როცა კამერაში მასზე ფოკუსს ვასწორებდი.

ლიკამ ალბათ იგრძნო ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, ნელ-ნელა ხასიათზე მოვიდა, სიცილი დაიწყო, მიყურებდა და იპრანჭებოდა, აკეკლუცდა, გაიხსნა!

ერთ-ერთი კაბის ჩაცმისას მოულოდნელოდ შემოტრიალდა და მითხრა:

– მარი, მადლობა. იცი, მივხვდი რომ ძალიან მომნატრებია გადაღება. მომინდა, რომ ვინმე რეჟისორმა კინოში გადამიღოს. არ იღებენ ახლა ფილმებს?

მკითხა და გადაიხარხარ.

არასოდეს დამავიწყდება ეს სიცილი.

ჩემ წინ მზე იდგა და ფართო სპექტრის სინათლეს ასხივებდა.

მე და ეკამ ერთმანეთს გადავხედეთ, მივხვდით, რომ ლიკას არავინ ეძახდა კინოგადაღებებზე; მივხვდით, რაც იყო მისი სევდიანობის მიზეზი. ჩუმად ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად ჩვენ გვრცხვენოდა…

სამწუხაროდ, ეს ლიკას ცხოვრებაში მისი უკანასკნელი გადაღება იყო“ - წერს მარი ნაკანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×