დახურვა
სტილი
20.10.2022

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედაზე ემოციურად საუბრობს.

"ახლა ვიდეო ვნახე, უკრაინიდან დაბრუნებულ შვილს როგორ ეხუტება და ეფერება დედა, როგორი გახარებული უკოცნის ლოყებს და ეხვევა ყელზე.

გული მომიკვდა, გამანადგურა ამ ვიდეომ. მე გლოვით მივდიოდი უკრაინაში და დავტიროდი, რადგან უკან აღარავინ მექაჩებოდა. დედაჩემის ორმოცს იქ შევხვდი და ჩემთვის, ჩუმად გამოვიტირე ჩემი ძვირფასი. მთელი ჩემი განცდებით, თოთქოს ყველაზე ღრმად შევდიოდი, იქნებ ჩემთვისაც ეთქვა დედას "დაბრუნდი გთხოვ". დავბრუნდი და არ დამხვედრია, არც ცრემლები მიხილავს მისი, არც სიხარულით უკოცნია ჩემი ლოყები და არც ყელზე შემომხვევია გულაჩქარებული ჩემი ძვირფასი. არ გაუმზადებია ცხელი საჭმელი ჩემთვის არავის. შემოვედი სახლში, დავაგდე ერთი პატარა ჩანთა იატაკზე და როგორც კი სტუმრები წავიდნენ, მივეგდე ჩემთვის მარტო და გავაგრძელე ჩემი მოთქმა, ჩემი ძვირფასის მოთქმა ცარიელ სახლში. რას არ გავცემდი, ოღონდ მეც შემომხვეოდა ასე გახარებული, ჩემთვისაც დაეკოცნა ხელები და ლოყები, მეგრძნო ისევ მისი გაკეთებული ცხელი მჭადების სუნი და ამოელაგებინა ის პატარა ჩანთა, სადაც გვერდზე ჯიბეში ერთი ცალი გამხმარი ვარდი იდო, მისთვის ჩამოტანილი.

ძვირფასო, ჯერ კიდევ ვტირი და ასე იქნება მარად. მე, შენი შვილი", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×