დახურვა
სტილი
09.03.2023

მომღერალი სოფო ბათილაშვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

„ძალიან მტკივნეულია ის, რაც გუშინ საკუთარი თვალებით ვნახე, ძალიან მტკივნეულია ის, რასაც გვიშვრებიან ყველას, მათ შორის, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ადამიანებს, რომლებმაც კარგად ვიცით თავისუფლების ფასი და არ დავთმობთ არაფრის ფასად.

ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, როგორ სცემენ შენს თანატოლს, ან რა მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერ ადამიანს, იმის გამო, რომ არასწორი, მავნე კანონის წინააღმდეგ და ამ ქვეყნის ნორმალური მომავლისთვის იბრძვის. ვწერ ამას ხელების კანკალით და თვალებში დაგუბებული ცრემლებით. სიბრაზეს და უსამართლობის განცდას ვყავარ მოცული.

მე არ ვარ მომღერალი, რომელიც ხელებს ლამაზად შლის და მღერის ყვავილებზე. არ ვარ ადამიანი, რომელსაც ან პირიდან თაფლი გადმოსდის, ან ოდესმე ტყუილად და ყალბად გაგიღიმებს.

თუ რაიმემ ეს წარმოდგენა შეგიქმნათ ჩემზე, ძალიან უცნაურია. ესე იგი, არ მიცნობთ და არ მომისმინოთ, არ იყიდოთ ჩემს კონცერტზე ბილეთი და გამაქრეთ თქვენი სივრციდან. მე ჩემს საქმეს პროტესტით ვემსახურები. იმას, რასაც ახლა ვქმნი და ვამზადებ, რომ თქვენც მალე მოგასმენინოთ, ვქმნი იმიტომ, რომ რაღაც მაქვს სათქმელი. სხვანაირი არც მუსიკის მწამს, არც მხატვრობის, არც არაფრის და არ ვუჭერ არც ერთ ხელოვანს მხარს, რომელიც ყვავილებს ხატავს და ყვავილებზე მღერის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×