დახურვა
სტილი
06.02.2024

.არ ვიცი, რატომ გადამეკიდა, რა ვერ დავუმტკიცე... მაგრამ, პირველი გამარჯვების შემდეგ, უკვე მეორედ, მძიმე სენმა ომი გამომიცხადა... " - ასე იწყებს სოციალურ ქსელში პოსტის წერას შორენა სურმანიძე, რომელიც ბევრი ადამიანისთვის, ალბათ, დიდი მოტივატორი იქნება.

შორენა სურმანიძე ავთვისებიან სიმსივნეს 12 წლის ასაკიდან ებრძოდა და, 14-წლიანი ბრძოლის შემდეგ, 12 წლის წინათ დაამარცხა.

ამ ბრძოლიდან, ის ერთხელ უკვე გამოვიდა გამარჯვებული, წინ კი მეორე რაუნდია. რამდენიმე დღის წინ, შორენას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

„თავი ცუდ სიზმარში მგონია, მაგრამ ნელ-ნელა ვფხიზლდები და ვფიქრობ, რომ ეს მორიგი გამოწვევაა ცხოვრებისგან, რომელიც ამაყად უნდა მივიღო... არ მაქვს უფლება, თავი დავუხარო...

როცა დიაგნოზის შესახებ გავიგე (ავთვისებიანი სიმსივნე - კარცინომა), არ დაგიმალავთ და გავტყდი... ვთქვი, რომ არ ვიბრძოლებდი, რომ ძალიან დავიღალე... შემდეგ კი, როცა გონს მოვედი, ამ სუსტ გოგოს იმ ძლიერი გოგოსი შერცხვა, რომელიც ძალიან პატარა, 12 წლისა ებრძოდა ვერაგ დაავადებას (ჰოჯკინის ლიმფომას), რომელმაც 14 წელი იბრძოლა და დაამარცხა; იმ გოგოსი შერცხვა, რომელიც სხვებს აიმედებდა, ანუგეშებდა და ეუბნებოდა, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დაეყარათ, უნდა ებრძოლათ... რომ სიმსივნე განაჩენი არ არის!

ისიც ვიცი, რომ დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ ომში. ძალიან ბევრი ქალი ვიცი, ვინც ძუძუს კიბო დაამარცხა და დღეს სხვებისთვის არიან მაგალითები! ჩემთვის მისაბაძი, ძლიერი ქალები...

ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ვერ საუბრობს საკუთარი პრობლემის შესახებ...

მინდა გითხრათ, არასდროს მოგერიდოთ საკუთარი დიაგნოზის, არაფერია დასამალი. გავხდებით თუ არა ავად, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ

მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც ახლა მედგრად დგას მძიმე სენის პირისპირ, უნდა იამაყოთ საკუთარი თავით! ძალიან ძლიერები ხართ! მე ვიცი, უკვე მეორედ, რა ძალა უნდა ამ დროს ადამიანს და მივხვდი იმასაც, რომ არაფერია სიცოცხლის სურვილზე ძლიერი... ყველაფერს გაგაკეთებინებს, მთებს გადაგადგმევინებს... (მთების გადადგმა კი ნამდვილად გჭირდება, იმდენად რთული და კომპლექსური საკითხებია მოსაგვარებელი ამ სენთან საბრძოლველად)

როცა ხედავ, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ხარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გეძვირფასება და გინდა დიდხანს იყოს, სწორედ ამისთვის უნდა იბრძოლო...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×