დახურვა
სტილი
23.02.2024

ცნობილი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იხსენებს ბავშვობის სახლს, სადაც მის მამას, ოთარ რამიშვილს მუსიკალური სკოლა/სტუდია ჰქონდა გახსნილი და თაობებს ზრდიდა... მიხეილ რამიშვილს თავადაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული და საუკეთესო ალტისტია... მისი მეუღლე ცნობილი მევიოლინეა, ქალიშვილი ლიზა რამიშვილი კი - მსოფლიოში სახელგანთქმული ჩელისტი... მეორე შვილი, ლუკა რამიშვილი კი საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია ფარიკაობაში და ოჯახურ ტრადიციასაც არ არღვევს - გიტარაზე ვირტუოზულად უკრავს ისე, რომ როგორც ბატონი მიხეილი ამბობს, ნოტებიც არ იცის... ასე რომ, რამიშვილების სახლში ინტერიერის განსაკუთრებული დეტალი მუსიკალური ინსტრუმენტია...

გიამბობთ ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე მდებარე სახლზე, რომელიც ბაბუაჩემმა და მისმა ძმამ, აკადემიკოსმა და ცნობილმა მევენახემ მაქსიმე რამიშვილმა ააშენეს. ამ სახლში ვცხოვრობდით რამიშვილები და იყო ძალიან დიდი. ისეთი კომფორტული განლაგება ჰქონდა, დღემდე მახსოვს... სახლში იყო გაერთიანებული უდიდესი სივრცის ოთახი, სადაც დიდი სტუმრიანობა გვქონდა. ასევე დიდი სამზარეულო, სადაც ვიღებდით სტუმრებს და იწყებოდა 24-საათიანი ქეიფი...

მამაჩემს ამ სახლში ჰქონდა პატარა მუსიკალური სკოლა/სტუდია, სადაც თაოებები გაიზარდნენ და მეც ვმონაწილეობდი მოწაფეების აღზრდაში.

ყველაზე კარგად რაც მახსოვს - ისეთი მაღალჭერიანი სახლი გვქონდა და ოთახებს ისეთი განლაგება ჰქონდა, რომ სიმყუდროვის შეგრძნება ყველა კუთხეში იგრძნობოდა.

როცა წამოვიზარდეთ და ინტერიერის შეცვლა გადავწყვიტეთ, ერთ რამეს მივხვდით - ისეთი კარგი გაკეთებული იყო, რომ აზრი არ ჰქონდა რაიმეს შეცვლას. ერთადერთი დეტალი შევცვალეთ. ჩვენს სახლს ქუჩის მხარეს ჰქონდა მხოლოდ აივანი და ჩვენ ეზოს მხარესაც გავაკეთეთ... იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ჩვენი სახლის საქეიფო ოთახს კიდევ 35კვ/მ ფართის აივანი დაემატა.

ჩვენი აივნის წინ თუთის ხე იყო და ზუსტად ეს აივანია, საიდანაც მამამ ჩვენი მეზობელი გოგონა შენიშნა და ეს იყო ოთარ რამიშვილის აივნიდან დანახული "თუთის ხესთან მდგომი გოგო"...

არასდროს ჩვენს სახლს დარაბები არ ჰქონია და ძალიან სასიამოვნო, სტუმართმოყვარე, ღია ატმოსფერო სუფევდა... მახსოვს, ჩემი ან მამას დაბადების დღე რომ იყო, დაახლოებით 150 ადამიანი თავისუფლად ეტეოდა. ამ ოთახში იდგა როიალი და იქ მხოლოდ ქეიფი და სმა კი არა, ცხივრების აკადემია ისწავლებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ეს სახლი გავყიდეთ და ჩვენ, ძმები, ცალ-ცალკე დავსახლდით. თუმცა იმ სახლზე, კავსაძის ქუჩაზე, არის მემორიალური დაფა მამაჩემის, ოთარ რამიშვილის შესახებ... "ამ სახლში ცხოვრობდა ოთარ "კვაჭიჭო" რამიშვილი"...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×