დახურვა
სტილი
10.06.2021

ბოლო წლებში ბექა ჩხაიძის ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ცვლილებები შეეხო არა მარტო მომღერლის პირადს, არამედ მის საქმიანობასაც. სულ ცოტა ხნის წინ ბექამ გადაწყვიტა, ბედი ბიზნესში ეცადა და მეგობრის დახმარებით, კომპანიაც დააარსა.

 "მომენატრა კარგი კონცერტი, რამდენიმე სიმღერა მაქვს გამზადებული, მინდა, კაბუსთან ერთად ჩავწერო და ეს ზაფხული აქტიურად გამოვიყენო. ბოლო დროს ბიზნესი დავიწყე, კომპანია ჩამოვაყალიბე. ჩემს ძმაკაცს აქვს ძალიან დიდი კომპანია და ის დამეხმარა. საერთოდ, ცოტა ადრე რომ მეფიქრა ამ მიმართულებით და კეთილის მსურველებისთვის დამეჯერებინა, კარგი იქნებოდა. თურმე, სულ „ჰარი-ჰარალე“ არ არის. ადრე რომ დამეწყო, ახლა უკვე ყველაფერი დალაგებული მექნებოდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, უთქვამთ. აქამდე ცხოვრება სუფრასა და დროსტარებას გადავაყოლე. ახლა – ოჯახი, შემოსავალი, ეკონომიური მდგომარეობა, ეს ყველაფერი საჭიროა. ჩვენს ქვეყანაში მარტო სიმღერით ოჯახს კი არა, თავს ვერ ირჩენ. 

ჩემი პლუსი ხალხთან ურთიერთობაა, საქართველოს მოსახლეობის ოთხმოც პროცენტს ვიცნობ. გვერდში მდგომი ადამიანი ყოველთვის საჭიროა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ძმაკაცს, ჩემი ნათლულის მამას – გიორგი ბუტიკაშვილს, რომელმაც მომკიდა ხელი და მითხრა, წამოდი, გზაზე უნდა დაგაყენო, ფული უნდა გაშოვნინოო. ლაბირინთებით სიარული არ მიწევს, პირდაპირ გამზადებულ საქმეში ჩამსვა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის იმედი მქონდა ცხოვრებაში. მათ ჩემი ძმაკაცები ერქვათ, მაგრამ ბოლოს ასე არ აღმოჩნდა. ამის გამო ძალიან ბევრი ვინერვიულე.

პატარაობაში წყნარი ვყოფილვარ, მაგრამ სკოლაში ძალიან ცელქი გამოვდექი. იმდენად, რომ მერვე კლასიდან გამომაგდეს. მე და ჩემმა ძმაკაცმა ისეთი საშინელებები ჩავიდინეთ...  მეცხრე კლასში გიმნაზიაში ჩამაბარებინეს და იქ დავამთავრე სწავლა. თან რაიონში ისეთი სიტუაციაა, ქუჩასთან უფრო ახლო ურთიერთობა გვქონდა. ერთხელ ურეკში დამჭრეს კიდეც. 15 წლის ვიქნებოდი, ჩხუბი მოგვივიდა და მადლობა ღმერთს, უფრო დიდი საშინელება არ მოხდა. დამთავრდა ჩხუბი და აღმოვაჩინე, რომ დაჭრილი ვარ. გურულებს თბილისელ დამსვენებლებთან მოგვივიდა ჩხუბი. იყო ასეთი პერიოდი. ღმერთმა დამიფარა, რომ შუშაბანდში არ გავიზარდე და ქუჩასთან მქონდა ურთიერთობა. ქუჩას თავისი სკოლა აქვს და მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრ კაცურს გასწავლის, თუმცა ძალიან არ უნდა გადაჰყვე.

იმდენი შარი გადაგვხდენიაგოგოების გამო... თან, მაშინ რაიონებში მოტაცებები იყო აქტუალური და იმდენი გოგო გვყავს მოტაცებული, ვერ დავთვლი (იცინის). ზოგმა შეინარჩუნა ოჯახი, ზოგმა – ვერა. მაშინ სხვა დამოკიდებულებები იყო, მოტაცების გამო არ იჭერდნენ, მით უმეტეს, რაიონში. რამდენი გოგო ჩაგვიტენია მანქანაში და სოფელში გადაგვიმალია. დღევანდელ თაობას რომ მოვუყვე, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, არ დაიჯერებენ, კრიმინალად ჩაგვთვლიან.

მადლობა ღმერთს, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც არის ერთგული, მზრუნველი... დიდი სიყვარული გვაქვს, შვილი გვყავს და შეკრულ, პატარა, ლამაზ და სიყვარულით სავსე ოჯახად ვიქეცით. ჩემი მეუღლე რომ არის, იმიტომ არ ვამბობ, უგანათლებულესი და ძალიან კარგი ადამიანია. ჩემი საყრდენი კედელია.

იხილეთ სრულად: თბილისელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×