დახურვა
სტილი
11.06.2021

"თავის სიცოცხლეში ვახტანგ კიკაბიძე მხოლოდ ორჯერ იყო ძალიან შეყვარებული: ერთხელ - ბავშვობაში, მეორედ - ბუდაპეშტში, ქუჩის არეულობების დროს. პირველი სიყვარულიდან მას ფეხზე ტატუ დარჩა, მეორედან კი - შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, სახლი, ბაღი და ბედნიერება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ვახტანგ კიკაბიძეს ფეხზე ტატუ აქვს - "ზ+ვ",რომელიც პირველი, უპასუხო ბავშვური სიყვარულის სამახსოვროა. ამ პირველი სასიყვარულო ისტორიის შემდეგ ვახტანგის გული დიდი ხნის განმავლობაში თავისუფალი რჩებოდა.

ასე გავიდა თითქმის ათი წელი. ისე ჩანდა, რომ ვახტანგი სამუდამოდ უცოლშვილო დარჩებოდა, მაგრამ იგი ერთხელ ერთ ქალს შეხვდა და მიხვდა: დიახ, ის მისი ცოლი გახდებოდა. ირინა თბილისის აკადემიური საოპერო თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, ზრდიდა რვა წლის გოგონას პირველი ქორწინებიდან და საერთოდ არ შედიოდა ლეგენდარული ბუბას თაყვანისმცემელთა რაზმში... მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ისინი ერთად აღმოჩნდნენ ბუდაპეშტში, გასტროლზე.

და იქ, უნგრეთის დედაქალაქში ერთ საღამოს მშვიდობიანი ცხოვრება დაირღვა: ავტომანქანებმა სიგნალი ჩართეს, ხალხი ყვიროდა, სადღაც გარბოდა... შემდეგ მათ გაიგეს, რომ იმ დღეს ამერიკაში პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს... ირინა და ვახტანგი ხალხის მჭიდრო ტალღაში მოხვდნენ. მან გამხდარ ბალერინას ხელი მოხვია და მიხვდა, რომ გაშვება აღარ უნდოდა. და როცა მათ უფრო ახლოს გაიცნეს ერთმანეთი, ვახტანგმა იგრძნო, რომ მთელი ცხოვრება ირინას ელოდა. "ქალი, პირველ რიგში, უნდა იყოს ჭკვიანი და კარგად აღზრდილი, ინტელექტუალი - რათა მასთან ყოფნა ყოველთვის საინტერესო იყოს და - არა მხოლოდ საწოლში. საქმე მხოლოდ სილამაზეში არ არის. ლამაზი სხვა ბევრი რაღაცაც არის. მე ცხოვრებას ასე ვუყურებ".

საერთოდ, ოჯახის შექმნის შემდეგ ვახტანგის საქმეები წარმატებით აეწყო. იგი ფილმებში გადაიღეს, მისი ანსამბლი "ორერა" კი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი გახდა. მომღერლებმა მთელი ქვეყანა მოიარეს და ყველა მაყურებელს ეგონა, რომ ვახტანგის ცოლი "ორერას" სოლისტი ნანი ბრეგვაძე იყო. მაგრამ სინამდვილეში ნანი სხვაზე იყო გათხოვილი, ბუბა კი ყოველი კონცერტის შემდეგ სახლში დაბრუნებას ცდილობდა... ამასთან, იგი არასდროს არავის საყვედურობდა იმისთვის, თუ ვინმე სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობდა. "მე დროსტარებისა და ქალების მოყვარული კაცების მომხრე ვარ. კაცს დროსტარება უნდა უყვარდეს, მაგრამ, იმავდროულად, ზომაც უნდა იცოდეს. არ მომწონს, როცა კაცი ცოლ-შვილს მიატოვებს და სხვასთან მიდის...".

ვახტანგმა და ირინამ ერთად მთელი ცხოვრება იცხოვრეს. 2001 წელს ქმარმა ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა. თვითონ ვახტანგს სახლი ძალიან დიდი ეჩვენებოდა და რამდენიმე თვე იქ ვერც ჩერდებოდა, ღამღამობით ძველ ბინაში მიდიოდა ხოლმე... მაგრამ შემდეგ მიეჩვია.

ვახტანგი ხშირად ფიქრობდა, რატომ იყო ცოლთან ერთად ასე ბედნიერი და ერთხელ პასუხიც იპოვა: საქმე ურთიერთპატივისცემაშია. მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ შენ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს, თავისი აზრები, რწმენა, ჩვევები... არ უნდა ეცადო მის "გადაკეთებას" - აი, ბედნიერი ცოლ-ქმრობის მთელი საიდუმლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×