დახურვა
სტილი
16.06.2021

მუსიკოსი ირინა ბაირამაშვილი მეორე შვილის დედა გახდა. ეს დიდი ბედნიერება უმძიმეს მომენტში ეწვია, მაშინ, როცა კოვიდის დამძიმებულ ფორმას კლინკაში ებრძოდა და ურთულეს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაში იყო.

"გადასარევი ორსულობა მქონდა, ვცდილობდი, შემოქმედებითადაც მეაქტიურა და პანდემიური მდგომარეობა უკეთესობისკენ რომ შეიცვალა, გავთამამდი. ვფიქრობდი, ორსულებს მარტივად გადააქვთ კოვიდი-მეთქი, მაგრამ რეგულაციებს მაინც მაქსიმალურად ვიცავდი.

ერთ დღეს ჩემს მეუღლეს სიცხე მისცა და საშინელი შეგრძნება დამეუფლა. ტესტი გაიკეთა. აღდგომა იყო, სანამ პასუხს გავიგებდით, რაღაცების საყიდლად გავედი და ძალიან ცუდად გავხდი. წნევას დავაბრალე, მაგრამ სიცხე აღმომაჩნდა და ამასობაში ქმარმაც დამირეკა, კოვიდი დამიდასტურდაო. მეც გავიკეთე ტესტი და დამიდასტურდა. საგარეჯოში ვიყავით, ჩემი ბიძაშვილი ექიმია და გადავრიე. მაშინვე ხველა დამეწყო და რომ მითხრა, ზომები მივიღოთო, თავი გავიგიჟე, ორსულმა რა ზომები უნდა მივიღო, სახლში ვიმკურნალებ-მეთქი და დავიწყე სითხეების მიღება.

მეორე დღეს სიცხე აღარ მქონდა და ვიფიქრე, რომ მარტივად გამოვძვრებოდი. მაგრამ მესამე დღიდან ვგრძნობ, რომ ვმძიმდები. ხელ-ფეხს ვეღარ ვგრძნობდი, თმის ღერებიც კი მტკიოდა. გინეკოლოგს დავურეკე, მეუბნება, ისევ სითხეები მიიღეო. ვეღარც ამდენ სითხეს ვიღებ, გული მერევა, 37-ე კვირაში ვარ. შვიდი დღე სახლში ვეწამე. მეშვიდე დღეს დავურეკე გინეკოლოგს, მე თუ მოვკვდი, ბავშვსაც საფრთხეს შევუქმნი და სახლში ვეღარ გავჩერდები, თბილისში, კლინიკაში უნდა დავწვე-მეთქი. ჩავალაგე ყველაფერი სამი დღისთვის. მეგონა, მეტი დრო არ დამჭირდებოდა სამკურნალოდ, იმიტომ, რომ ჩემმი ქმარი გადასხმებით, სითხეებითა და ბუშტების ბერვით სამ დღეში გამოვიდა მდგომარეობიდან.

გამოვალ და მერე ვიმშობიარებ-მეთქი, იმედიანად მივდიოდი, მაგრამ როგორც კი კლინიკაში შევედი, საშინელი შეგრძნებები დამეუფლა. ვგრძნობდი, რომ იქიდან მალე ვერ გამოვიდოდი. ტირილი ამივარდა, ვეღარ ვჩერდებოდი, სკაფანდრიანი ექიმები რომ დამესივნენ და უამრავი კითხვა დამაყარეს, საშინელი დეპრესია დამეწყო. ჩემი უფროსი შვილი, ერთადერთი დღით მყავს ჩემს გარეშე დატოვებული და ეს განშორება ჩემთვის უდიდესი სტრესი იყო. ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები, ვეღარ მაჩერებდნენ. პირველი დღე იმდენად ბურუსში ვიყავი, გარშემო ვერაფერს ვხედავდი.

პალატაში ორსული გოგო დამხვდა და ბუნდოვნად მახსოვს, რომ რაღაცებს მეკითხებოდა. ფანჯრიდან ეკლესია ჩანდა და წირვა-ლოცვის ხმა ამოდიოდა, აღდგომის დღეები იყო და მთელი დღე გრძელდებოდა. ეს ხომ დიდი შვებაა, მაგრამ აზროვნება მიჭირდა. ეს ხმები რომ მესმოდა ვფიქრობდი, სად ვარ, სამოთხეში, ღმერთთან-მეთქი?! ნორმალურად ვეღარ ვაზროვნებდი. მინდოდა, მელოცა, ღმერთისთვის დახმარება მეთხოვა, მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა. ალბათ, იცით, გოგო ბავშვთან ერთად რომ გარდაიცვალა კოვიდით, ეს ზუსტად ამ კლინიკაში მოხდა და ექთანი ჰყვებოდა მის ისტორიას. ჩემთვის ვფიქრობდი, ღმერთო, მომეცი ძალა, რომ აქედან გაგიჟებული არ გავიდე-მეთქი. ექიმებს მარტო თვალები უჩანდათ, რაც კიდევ უფრო მზაფრავდა. ბევრი ნემსით რომ მოდიოდნენ, ვხვდებოდი, რომ ჩემთან იყვნენ, ყველაზე რთულად მე ვიყავი. გადასხმები, ანალიზები, გადასხმები, ანალიზები... ძალიან ცუდი მაჩვენებლები მქონდა, მაგრამ მამშვიდებდნენ, ორსულებში ასეაო. თავიდან დღეებს არ ვითვლიდი, ისევ ვფიქრობდი, რომ მალე მორჩებოდა ეს ყველაფერი და რადგან პატარა ჯერ დაბადებას არ ჩქარობდა, იქიდან გამოსული მშვიდად წავიდოდი სამშობიაროში. გეგმები დავსახე, მაგრამ მერე დაიწყო, რაც დაიწყო," -  განაცხადა ირინა ბაირამაშვილმა "თბილისელებთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×