დახურვა
სტილი
25.06.2021

გადაჭარბებული სამუშაო საათების პირობებში, ირღვევა ბალანსი სამსახურებრივ და პირად ცხოვრებას შორის, რაც არის პირდაპირი და ყველაზე მოკლე გზა პროფესიული გადაწვისკენ. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები თანხმდებიან, რომ სამუშაო საათების შემცირებით დასაქმებულების პროდუქტიულობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი იზრდება, ამიტომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები თანხმდებიან, რომ სამუშაო საათების შემცირებით დასაქმებულების პროდუქტიულობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი იზრდება, ამიტომ იაპონიის მთავრობამ კომპანიებს შესაბამისი რეკომენდაციით უკვე მიმართა.

ინიციატივას, რომელსაც წამყვანი ქვეყნები აქტიურად განიხილავენ, ქართული ორგანიზაციებიც უერთდებიან და მსგავსი პრაქტიკის დანერგვას კოლეგებსაც ურჩევენ.

ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ ხანგრძლივი სამუშაო დღე და კვირა, ავტომატურად, უფრო მეტ პროდუქტიულობას არ ნიშნავს და ამ გრაფიკის ეფექტიანობის შეფასების დროს, ყურადღებას სხვადასხვა ფაქტორზე ამახვილებენ.

4 -დღიანი სამუშაო კვირის ეფექტი

პროდუქტიულობისა და მოტივაციის ზრდა, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და შესაძლებლობა კომპანიებისთვის - აქტიურად ჩაერთონ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში;

სამუშაო და თავისუფალ დროს შორის ბალანსი და ამ ბალანსით გამოწვეული ჰარმონიულობა და მოტივაციის ზრდა;

გამოთავისუფლებულ დროში განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები;

შენარჩუნება იმ გამოცდილი კადრების, რომლებიც სხვადასხვა ოჯახური მიზეზის გამო, იძულებულები არიან, სამსახური მიატოვონ;

ეკონომიკური ასპექტი - ინიციატივის მომხრეები ფიქრობენ, რომ კვირაში კიდევ ერთი გამოთავისუფლებული დღე ადამიანებს წაახალისებს, სახლიდან აქტიურად გავლენ და უფრო მეტ თანხასაც დახარჯავენ, რაც ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს;

4-დღიანი სამუშაო კვირის მომხრეები არც დემოგრაფიულ ფაქტორს ივიწყებენ - მაგალითად, იაპონიის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი დრო ექნებათ შეხვედრისთვის, დაქორწინებისთვის და ოჯახის დაგეგმვისთვის, რაც, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს შობადობის შემცირების პრობლემის გადაჭრას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - საქართველოში პირველი ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორიდან, რომელმაც სამუშაო კვირის საათები შეამცირა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სრულად 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე არ გადასულა, თუმცა ერთ წელზე მეტია, მეხუთე სამუშაო დღე გაანახევრა და თანამშრომლები პარასკევს, 14:00 საათამდე მუშაობენ.

კომპანიის გამოცდილებაზე, ინიციატივის მიზნებსა და ეფექტიანობაზე საია-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლევან ქათამაძე საუბრობს:

„საქართველოში იყო სხვადასხვა ბიზნესკომპანია, რომელმაც 4-დღიანი სამუშაო დღე გამოაცხადა, მაგრამ სამოქალაქო სექტორში და ამ ტიპის ორგანიზაციებში ჩვენ ვიყავით პირველები და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო საიას მხრიდან, რათა სხვა კომპანიებისთვის თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ბიძგი მიგვეცა.

გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან გვსურდა, ჩვენს თანამშრომლებს რაღაც ტიპის მოტივაცია ჰქონოდათ. მხოლოდ ფინანსური მოტივაცია არ არის მთავარი. მსოფლიოში წამოვიდა ტენდენცია, როდესაც ძალიან ბევრმა წარმატებულმა კომპანიამ 4-დღიან სამუშაო დღეზე გადასვლა დააანონსა და მათი შემდგომი კვლევებითაც დადასტურდა, რომ სამუშაო პროცესში ეს უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა. თითქმის ერთ წელზე მეტია, ამ ფორმატით ვმუშაობთ და პარასკევს სამუშაო დრო 14:00 საათზე სრულდება.

ოფიციალური კვლევა არ ჩაგვიტარებია, თუმცა თანამშრომლების გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ბედნიერები იყვნენ, როდესაც ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ვფიქრობ, თანამშრომლების მოტივაციაც გაიზარდა, რადგან პარასკევი სამუშაო კვირის ბოლო დღეა, ადამიანებს ხშირად უწევთ ქალაქიდან გასვლა ან სხვა აქტივობების დაგეგმვა და ვფიქრობ, რომ 2 საათზე სამუშაოს დასრულება ადამიანებს უფრო მეტ თავისუფალ დროს აძლევს," - ამბობს ლევან ქათამაძე.

შემცირებული სამუშაო დროის პირობებში, ხარისხის თვალსაზრისით კომპანია არაფერს კარგავს და პირიქით, უფრო მეტად მობილიზებულ თანამშრომლებს იძენს.

HR hub -ეს არის პლატფორმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ადამიანური რესურსების მენეჯერებს აერთიანებს, შესაბამისად აერთიანებს იმ გამოცდილებას, რომელიც როგორც დამსაქმებლებს, ასევე თანამშრომლებს აქვთ სხვადასხვა სამუშაო პროცესში.

HR hub-ის დამფუძნებელი ანი ნავდარაშვილი „ფორტუნასთან" 4 დღიანი სამუშაო გრაფიკის სარგებელზე, რისკებსა და საქართველოში მის პერსპექტივაზე საუბრობს:

„ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა და მიხარია, რომ მასში ქართული კომპანიებიც ერთვებიან. საქართველოში უმეტესად ჩართულია ისეთი კომპანიები, რომელთა საქმიანობის სფეროც შედარებით შეესაბამება ამგვარ სამუშაო პირობებს. ისინი ძირითადად საკონსულტაციო და ააიპ კომპანიებია და უფრო მეტად შეუძლიათ, სამუშაო დრო ამ ახალ გამოწვევას მოარგონ.

ამ ეტაპზე, საქართველოში ასეთი კომპანიების რიცხვი მცირეა, ერთეულებში გამოისახება მხოლოდ.

თუმცა, ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ გაიზრდება იმ დამსაქმებელთა რაოდენობა, რომლებიც სამუშაო დღეებს შეამცირებენ.

როგორც საერთაშორისო სტატისტიკიდანაც ჩანს, დაახლოებით 39%-ით იზრდება თანამშრომლების პროდუქტიულობა, კმაყოფილება და ჩართულობაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ამაყობენ მათი სამუშაო ადგილით, მათი დამსაქმებლის ბრენდით.

სამუშაო დროის შემცირების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ ისეთი უნარები, როგორიც არის დროის სწორი მართვა, რადგან ის დრო, რომელიც განკუთვნილია სამსახურისთვის, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ," - ამბობს ანი ნავდარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×