დახურვა
სტილი
25.06.2021

თუ გსურთ, მარტივად, სწრაფად, გართულებების გარეშე მიიღოთ ლამაზი რუჯი და იმავდროულად, დიდხანს შეინარჩუნოთ ნამზეური, აუცილებლად უნდა გაითვალისინოთ შემდეგი რჩევები:

* რუჯის მიღებამდე ერთი კვირით ადრე, ყოველდღიურად გამოიყენეთ სკრაბი ან პილინგი, რადგან კანზე მკვდარი უჯრედების არსებობა ხელს უშლის თანაბარი რუჯის მიღებას. სკრაბის მოსამზადებლად 2 სადილის კოვზი არაჟანს შეურიეთ 1 სადილს კოვზი ყავის ნალექი და მიღებული მასა მასაჟის ტიპის წრიული მოძრაობით წაისვით კანზე. გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაითვალისწინეთ, რომ განახლებულ კანს მზე სწრაფად ეკიდება და შესაძლოა, დამწვრობის საფრთხე დადგეს, ამიტომ, სკრაბი რუჯის მიღებამდე, 2-3 დღით ადრე გაიკეთეთ, რათა კანმა აღდგენა მოასწროს;

* სანამ რუჯის მისაღებად მზეს მიეფიცხებით, მიირთვით სტაფილოს წვენი, რომელიც მდიდარია ბეტა-კაროტინით. ასევე, თუ გსურთ, რომ არა მარტო სწრაფად გაირუჯოთ, არამედ თქვენი კანი ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს, მისთვის გამოყავით დრო დილის 8 საათიდან 12 საათამდე და შუადღის 4 საათის შემდეგ. გარუჯვისას, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება. სწრაფად გარუჯვას, ასევე, შეძლებთ ბრონზატორების შემცველი საშუალებების გამოყენებით. ეს არ არის ავტორუჯი, სპეციალური ლოსიონი ან კრემი, რომელიც შეიცავს მელატონინის გამომუშავებისთვის საჭრო კომპონენტებს;

* დალიეთ ბევრი წყალი, დღეში - ორ-სამ ლიტრამდე;

* ძილის წინ აუცილებლად წაისვით მკვებავი ან კანის დამარბილებელი ეფექტის მქონე საცხი;

* კარგია, ტანის ყავის ნალექით დაბანა. ნელი, წრიული მოძრაობით წაისვით ნალექი კანზე, მას სკრაბის ეფექტი აქვს. ასევე, გადაივლეთ ჩაის ნაყენი, რადგან ეს არის, საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალება, ჭიმავს და აცოცხლებს კანს. ის, ასევე, ხელს უწყობს რუჯის ფერის შენარჩუნებას;

* ხშირად მიირთვით კვერცხი და თევზის პროდუქტები, რადგან ეს საკვები პროდუქტები შეიცავენ ცხიმოვან მჟავებს. ასევე, სასარგებლოა E ვიტამინის შემცველი პროდუქტის მიღება, როგორიცაა მცენარეული ზეთი და თხილი - ისინი კანს დამწვრობისგან იცავენ. ასევე, არსებობს პროდუქტები, რომლებიც კაროტინს შეიცავენ და ხელს უწყობენ გარუჯვას. ასეთებია: სტაფილო, ატამი, გარგარი, ტკბილი წიწაკა. მათი საკვებ რაციონში ჩართვა, ძალიან დაგეხმარებათ ლამაზი რუჯის მიღებაში.

არ მოინდომოთ სწრაფად გარუჯვა. ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. დიდხანს მზის გულზე წოლა და ერთ ჯერზე რუჯის მიღება დამწვრობას იწვევს, რაც კანისთვის ყველაზე დიდი სტრესია, პირველ დღეებში, რუჯი უნდა მიიღოთ ქოლგის ქვეშ, ხოლო მზის პირდაპირ სხივებზე ყოფნის დრო ნელ-ნელა გაახანგრძლივოთ. აუცილებლად გამოიყენეთ კანის დამცავი საშუალებები, ისინი, ხელს უშლიან საშიში სპექტრის მზის სხივების კანში შეღწევას და იცავენ მას გამოშრობისგან. რაც უფრო ღია ფერის არის კანი, მით უფრო ძლიერი დაცვა სჭირდება მას. ასეთ კანს სჭირდება SPF 30 დაცვის დონის მქონე საშუალება, მუქი ფერის კანისთვის საკმარისია SPF 10-15. გაითვალისწინეთ, რომ მზისგან დამცავ საშუალებებს, ვარგისიანობის ხანმოკლე პერიოდი აქვთ. გახსნის შემდეგ მათი შენახვის მაქსიმალური ვადა 6 თვეა. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ვადაგასული დამცავი საშუალება. საცხის კანზე დატანა მზეზე გასვლამდე 15-20 წუთით ადრე უნდა მოხდეს. სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ კი, ნუ იჩქარებთ აბაზანაში შესვლას, რადგან მზის სხივები კანზე მუშაობას მინიმუმ, ორი საათის განმავლობაში აგრძელებენ.

თუ გსურთ, რომ რუჯი დიდხანს შეიანარჩუნოთ, ნუ გამოიყენებთ სკრაბებს და უხეშ დასაბან ღრუბელს. ასევე, კარგად წაიკითხეთ საცხის ანოტაცია, რადგან ბევრ საცხს და ნიღაბს აქვს მათეთრებელი ეფექტი, რასაც უნდა მოერიდოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×