დახურვა
სტილი
18.06.2021

ირინა ლიქოკელი ინდოეთში ცხოვრობს, ინდოელი მეუღლე ჰყავს და, წლებია, ცეკვის სტუდია აქვს დელისთან ახლოს, გურგაონში. რით ჰგვანან ინდოელები და ხევსურები ერთმანეთს და როგორია ინდურ-ქართული წყვილის გეგმები, თავად ირინა გვიამბობს.  საბანკო-ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ აფრიკა-აზიის ინსტიტუტში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გავაგრძელე სწავლა. მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ინდოეთის ელჩი გვესტუმრა, სამმა სტუდენტმა ტესტირება გავიარეთ, დაგვინიშნეს სტიპენდია და გამოგვგზავნეს დელის უნივერსიტეტში, ინდური ენის შესასწავლად. ეს იყო 12 წლის წინ. იმ პერიოდში ქართულ-ინდური ლექსიკონიც კი შევადგინე, მაგრამ ვეღარ გამოვეცი. ერთხანს თარჯიმნადაც ვმუშაობდი, უცხოელებს ინდურ ენას ვასწავლიდი და ვასწავლი დღესაც.

ბიზნესის დაწყება აქ იოლია, დაარეგისტრირებ კომპანიას, იქირავებ ფართობს და ეგ არის... მე გურგაონში ვცხოვრობ - ახალი უბანია დელისთან ახლოს და მაშინ, რვა წლის წინ, აქ საერთოდ არ იცოდნენ, რა იყო ლათინურამერიკული ცეკვები. კლასიკური ინდური ცეკვები უფრო სოლო ცეკვებია, რელიგიური ხასიათის, ლათინურამერიკულის დროს კი ახლო კონტაქტი გაქვს პარტნიორთან. მოდიოდნენ ცეკვის შესასწავლად, მაგრამ ამბობდნენ, რომ პარტნიორთან არ იცეკვებდნენ, ვერ იქნებოდნენ მასთან ახლოს. აქ მიუღებელია, შეხვედრისას ვინმე გადაკოცნო.ინდოეთში ისეთი პოპულარული გავხადე ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით - ხინკალი, რომ ჩემი მოსწავლეები სპეციალურად მსტუმრობენ ხოლმე, ხინკალი რომ გავუკეთო. სხვათა შორის, პანჯაბელები ხასიათით ძალიან ჰგვანან ხევსურებს - შარიანებიც არიან, დროსტარებაც უყვართ და თან ყველგან ხანჯლებით დადიან.

მყავს მეუღლე და 4 წლის გოგონა, მელისა, რომელსაც ძალიან უყვარს სიმღერა და ცეკვა. სწავლობს ქართულს, თავისი ქართველი ნათლია ლოცვებს ასწავლის, მღერის "იავნანას", იცის ქართული ზღაპრები. ჩემი მეუღლე ქრისტიანი ინდოელია, მისი მშობლებიც ქრისტიანები არიან. ჩემი სტუდენტი იყო, ცეკვის შესასწავლად მოვიდა ჩემთან და... გაცნობიდან ექვსი თვის შემდეგ გამომიტყდა გრძნობებში და კიდევ ექვსი თვე ელოდა ჩემს პასუხს. გადაწყვეტილების მიღება, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა, რადგან ინდოეთში სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებდი... მას შემდეგ, რაც მოსწავლეების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ცალ-ცალკე სტუდიები გავხსენით.

ვფიქრობ, საქართველოში ვიცხოვროთ, რადგან ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრები. და კიდევ, მინდა, ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და წარმატებებს მიაღწიონ, გამოვიდნენ ფესტივალებზეც, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პედაგოგები მასტერკლასებს ატარებენ. 

იხილეთ სრულად: კვირის პალიტრა

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×