დახურვა
სტილი
24.06.2021

„რაღაც გველები მომრავლდნენ“, „სიცხეა და დაიწყება ქვეწარმავლების მომრავლება“, „გოგირდი უშველის“, „თუ გიკბინა, სისხლი უნდა ამოწოვო, ან ლახტი გადაიჭმო“, „კუს ტბაზე დავინახე, გიურზა იყო“.... -  ამ და კიდევ სხვა ფრაზებს გაიგონებთ ზაფხულის დაწყებისთანავე, რომელთაგან ზოგიერთი მითია. 

დაიჯესტი ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ჰერპერტოლოგ შოთა ზანდუკელს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ადამიანის სიცოცხლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გველის სახეობა-  გიურზა ძირითადად კახეთის, რუსთავის და კრწანისის მხარეს გვხვდება.

„ქვეწარმავლების გარჩევა თუ არ შეუძლია ადამიანს, რთულია გაარჩიოს გიურზა სხვა სახეობისგან.

კუს ტბაზე გიურზა არ ბინადრობს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც გველი მანქანის სავალ ნაწილში შეძვრება, ან სამშენებლო მასალების გადატანისას აძვრება მასალებში და ჩამოტვირთვისას გადმოვა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, აღმოჩნდეს გიურზა იმ ადგილას, სადაც მისი გავრცელების არეალი არაა“,- ამბობს „დაიჯესტთან“ საუბრისას ჰერპერტოლოგი.

❓ მომრავლდნენ თუ არა გველები საქართველოში?

„რაც საქართველოში საინფორმაციო წყაროები გაფართოვდა და ინფორმაცია სოციალური ქსელის დახმარებით მოქალაქეებამდე სწრაფად მიდის, ამან გამოიწვია მსგავსი აზრის ჩამოყალიბება, რომ ქვეწარმავლების რაოდენობა გაიზარდა.

არადა, უბრალოდ ამ ინფორმაციის წვდომამ შეძლო და გამოიწვია ეს, თორემ სხვა წლებთან შედარებით ქვეწარმავლების რაოდენობა მომატებული არაა. უბრალოდ, სოციალური ქსელით ვინც ნახავს გველს ფოტოს უღებს და ტვირთავს და რამაც გამოიწვია აზრი, რომ ქვეწარმავლების რაოდენობამ იმატა.

❓ გველის რომელი სახეობებია გავრცელებული თბილისში?

ამ პერიოდში, ზამთრის ძილიდან როდესაც გამოდიან ქვეწარმავლები, აქტიურები არიან ცდილობენ ტერიტორიების ათვისებას.

აგრეთვე, სიცხიანი პერიოდის დროს გველი ეძებს გრილ ადგილს, როგორიცაა სარდაფები, სადარბაზოები, კერძო სახლებშიც შედიან ხოლმე.... ლისის ტბა, კუს ტბა, რეკრეაციული ზონებია...

თბილისის გარშემო 15 სახეობის გველი ბინადრობს. ამ 15-დან ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს გიურზა. კიდევ არის ერთი, ცხვირრქოსანი გველგესლა, რომელიც სააგარაკო ზონებში ბინადრობს, როგორიცაა კოჯორი, მუხათწყარო. მისი შხამი შედარებით სუსტია და მომაკვდინებელი არაა, მაგრამ გიურზა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი გავრცელების არეალია: კახეთი, კრწანისი, რუსთავი.

❓ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გველი გვიკბენს?

„შხამიანი გველის კბენისას ადამიანს სხეულზე 2 ნაკბილარი უჩნდება. არა შხამიანის შემთხვევაში - ბევრი ნაკბილარი, ნაჩხაპნი და შესაძლოა, 1-2 წვეთი სისხლი გამოუვიდეს.

შხამიანის შემთხვევაში ეს 2 ნაკბილარი, შესაძლოა, 1-იც იყოს, მომენტალურად იწყებს ტკივილს, ჩალურჯება - ჩაშავება - ჩაწითლებას და ამ პროცესით ხვდები, რომ გველი შხამიანია.

პირველ რიგში ვრეკავთ სასწრაფოში.

ვეცადოთ არ ვიმოძრაოთ.

არ ვინერვიულოთ.

მივიღოთ ძალიან ბევრი არაალკოჰოლური სითხე.

თუ ალერგიული შოკი გვქონდა, რაიმე ანტიჰისტამინური საშუალება უნდა მივიღოთ.

❌ არ შეიძლება:

ლახტის დადება

დასერვა

ამოწვა

ამოწოვა

ზემოთ აღნიშნული ქმედებები არაეფექტურია და შესაძლოა, გართულებაც გამოიწვიოს.

ნაკბენი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოვკდებით... დრო საკმარისი გვაქვს, გიურზას ნაკბენი უეჭველად სიკვდილს არ ნიშნავს, სამედიცინო დახმარების დროულად მიღებისთვის 5-6 საათი გვაქვს.

❓გოგირდის დაწვა მითია თუ რეალობა ?

„მითია.

ეზო პირველ რიგში მოვლილი და მოწესრიგებული უნდა იყოს. ბალახი მოთიბული, არ უნდა ეყაროს სამშენებლო მასალების ნარჩენები, ნაგავი, სადაც ქვეწარმავლები დაიმალება.

არც ფოთლების დაწვა და არც ქიმიური საშუალების, ან პრეპარატების გამოყენება, „შეწამლვა“, შედეგის მომტანი არაა“,- ამბობს შოთა ზანდუკელი.

წყარო: დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×